Amnesty | რონალდუმ საუდის არაბეთში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ უნდა ისაუბროს

კრიშტიანუ რონალდუ კარიერას საუდის არაბეთში აგრძელებს. პორტუგალიელმა ახალ სახლს “საოცარი ქვეყანა” უწოდა. “ალ ნასრის” ფეხბურთელის განცხადებას ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International გამოეხმაურა და პორტუგალიელს თავისი გავლენის სასიკეთო გზით გამოყენებისკენ მოუწოდა.

37 წლის ფეხბურთელი საუდის არაბეთში სამშაბათს ჩავიდა. როგორც ცნობილია, “ალ ნასრთან” მან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა, მისი ყოველწლიური ანაზღაურება კი რეკორდული და დაუჯერებელიცაა: 200 მილიონი ევრო წელიწადში.

“ბევრი ვარიანტი მქონდა… თუმცა ახალ კლუბს სიტყვა მივეცი, რომ ამ საოცარ ქვეყანაში არამარტო ფეხბურთის, არამედ სხვა სფეროების განვითარებასაც შევუწყობ ხელს. მინდა, ამ ქვეყანასა და კლუბს ახალი ხედვა შევძინო. სწორედ ამიტომ ვარ აქ”, – თქვა პორტუგალიელმა.

Sportswashing – ტერმინის განმარტება და პრობლემის იდენტიფიცირება

სამწუხაროდ, Sportswashing-ს ზუსტი ქართული შესატყვისი არ გააჩნია. ეს არის პროცესი, როდესაც სახელმწიფო, კერძო პირი ან მსხვილი კორპორაცია სპორტის გავლენას საკუთარი ბრალის მისაჩქმალად, ერთგვარ ფარად ან შელახული რეპუტაციის აღსადგენად იყენებს. ის წარმოადგენს პროპაგანდის ერთ-ერთ სახეს, სადაც სპორტსმენები ან სპორტული მოვლენები (მაგალითად ოლიმპიადა, მსოფლიო ჩემპიონატი), ნებსით ან უნებლიედ, სხვისი მიზნების შესასრულებელ ინსტრუმენტებად გვევლინებიან.

დასავლურ აკადემიურ წრეებში და ადამიანთა უფლებათა დაცვით ორგანიზაციებში, კატარის მსოფლიო ჩემპიონატი და კრიშტიანუ რონალდუს საუდის არაბეთში ტრანსფერი სწორედ “სფორთსვოშინგის” მაგალითებად განიხილება.

“ფაქტი, რომ ალ ნასრმა პორტუგალიელი ფეხბურთელი შეიძინა, იმის მანიშნებელია, რომ საუდის არაბეთში “სფორთსვოშინგმა” უფრო ფართო ფორმა მიიღო. არსებობს დიდი ალბატობა იმისა, რომ ქვეყნის მმართველობა პორტუგალიელის არსებობას ადამიანთა შელახული უფლებების გადასაფარად გამოიყენებს.

საუდის არაბეთზე ხოტბის შესხმის ნაცვლად, რონალდუმ მისი საჯარო პლატფორმა უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ ადამიანთა ყურადღება ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე მიაპყროს, სადაც ადამიანებს სიკვდილით რეგულარულად სჯიან.

რონალდუმ არ უნდა დაუშვას, რომ მისი სახელი და პოპულარობა საუდის არაბეთმა სპორთსვოშინგისთვის გამოიყენოს”, – განაცხადა Amnesty International-ის მკვლევარმა, დანა აჰმედმა.

Amnesty | რონალდუმ საუდის არაბეთში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ უნდა ისაუბროს

სტატიის ავტორი
-