კობიაშვილი: “რუსეთიდან წასვლის შანსი ყველა ქართველმა ფეხბურთელმა უნდა გამოიყენოს”

UEFA-მ რუსულ კლუბებში მყოფ ლეგიონერებს 2023 წლის 30 ივნისამდე ხელშეკრულების კიდევ ერთხელ, ცალმხრივად გაწყვეტის უფლება მისცა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი გამოეხმაურა.

“მივესალმები ფიფა-ს დღევანდელ განცხადებას. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ფიფამ გაახანგრძლივა გადაწყვეტილება და ფეხბურთელებს რუსულ კლუბებთან კონტრაქტის 2023 წლის 30 ივნისამდე შეჩერების შესაძლებლობა მისცა. სურვილის შემთხვევაში, ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე ფეხბურთელსა და მწვრთნელს, სანქციის გარეშე შეუძლია საკუთარ კლუბთან კონტრაქტი შეაჩეროს.
მნიშვნელოვანია, რომ ეს შანსი გამოიყენოს ყველამ, ვისაც რაიმე სახის ვალდებულება აკავშირებს რუსულ კლუბებთან. განსაკუთრებით იმ ვითარების გათვალისწინებით, რის წინაშეც დღეს ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უკრაინა დგას.

არჩევანის გაკეთებისას თითოეულმა ფეხბურთელმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი.
ფიფამ ეს გადაწყვეტილება პირველად რამდენიმე თვის წინ მიიღო და ამით უკვე ისარგებლა არაერთმა ფეხბურთელმა. მათ როგორც ევროპულ ისე ქართულ კლუბებში გააგრძელეს თამაში. იმედი მაქვს, ამ პროცესში ახლაც აქტიურად ჩაერთვებიან ქართული კლუბები და ახალგაზრდა ნიჭიერ ქართველ მოთამაშეებს ჩვენ ჩემპიონატში ვიხილავთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რამდენიმე კვირაში ქართულ კლუბებს ევროტურნირების მატჩები ელოდებათ.”

კობიაშვილი: “რუსეთიდან წასვლის შანსი ყველა ქართველმა ფეხბურთელმა უნდა გამოიყენოს”

სტატიის ავტორი
-