რონალდუ: ,,საუდის არაბეთმა მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინას მოუგო, ხალხმა არ იცის, რამდენად მაღალი კონკურენციაა ამ ლიგაში”

,,ალ ნასრის” ახალწვეულმა, კრიშტიანუ რონალდუმ, არაბულ გუნდში გადასვლაზე ისაუბრა:

,,ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ფეხბურთი შეიცვალა. ბევრმა ქვეყანამ უკეთ თამაში დაიწყო. არ დაგავიწყდეთ, რომ საუდის არაბეთი ერთადერთი ნაკრებია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინას მოუგო. საუდის არაბეთის ჩემპიონატის მატჩებს ვუყურე და შემიძლია ვთქვა, რომ ხალხმა არ იცის, რამდენად მაღალი კონკურენციაა ამ ლიგაში.

ევროპაში ჩემი საქმე გავაკეთე, ყველაფერი მოვიგე და ყველაზე დიდ გუნდებში ვითამაშე. ახლა აზიაში ახალი გამოწვევა მაქვს, თუმცა, ამავდროულად, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. ჩემი ტრანსფერი უნიკალურია? დიახ, იმიტომ, რომ უნიკალური ფეხბურთელი ვარ (იღიმის). ევროპაში ყველა რეკორდი დავამყარე და იგივეს გამეორება აქაც მსურს.

არ მაინტერესებს რას იტყვიან ჩემზე. ჩემი გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ,” – განაცხადა რონალდუმ.

რონალდუმ არაბულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა და წელიწადში 200 მილიონ ევროს მიიღებს.

,,მანჩესტერ იუნაიტედმა’’ კრიშტიანუსთან კონტრაქტი ნოემბერში გაწყვიტა, მანამდე 37 წლის ფეხბურთელმა ,,წითელი ეშმაკები’’ პირს მორგანთან ინტერვიუში მწვავედ გააკრიტიკა.

რონალდუ: ,,საუდის არაბეთმა მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინას მოუგო, ხალხმა არ იცის, რამდენად მაღალი კონკურენციაა ამ ლიგაში”

სტატიის ავტორი
-