რუსეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, დინიარ ბილიალეტდინოვი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს

რუსეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, დინიარ ბილიალეტდინოვმა, სამხედრო სამსახურიდან გაწვევა მიიღო. ინფორმაციას ფეხბურთელის მამა, რინატ ბილიალეტდინოვი ავრცელებს.

,,დინიარი ნამდვილად გამოიძახეს. ემოციებზე საუბარი რთულია, რადგან არასდროს უმსახურია. მართალია, 19 წლის წინ სამხედრო სამსახური გაიარა, მაგრამ ეს სპეციფიკური იყო… მას ფიცი დადებული აქვს, თუმცა სპორტული განხრით მსახურობდა. კანონით 35-წლამდე პირებს ურეკავენ, ის კი 37 წლისაა, ამიტომ აქ რაღაც შეუსაბამობაა. თუ საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდება, მაშინ საკითხავიც არაფერი იქნება. მაგრამ, ჯერ პრეზიდენტს მხოლოდ ნაწილობრივი მობილიზაცია აქვს გამოცხადებული.

რას გააკეთებს დინიარი? ის არ გაიქცევა, არ იყიდის ყაზახეთის ან თურქეთის ბილეთებს და სამხედრო აღრიცხვაზე მივა. თუ ყველაფერი კანონის მიხედვითაა, მაშინ დარეკავენ.” – განაცხადა რინატ ბილიალეტდინოვმა.

დინიარ ბილიალეტდინოვი კარიერის განმავლობაში მოსკოვის ,,ლოკომოტივში”, ,,ევერტონში”, მოსკოვის ,,სპარტაკში”, ,,ანჟიში”, მოსკოვის ,,ტორპედოში”, ყაზანის ,,რუბინსა” და ,,რიტერიაიში” თამაშობდა. წელს კი ვეტერანი ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში 46 მატჩი აქვს ჩატარებული, მედიალიგაში ასპარეზობდა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, განკარგულებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ 21 სექტემბერს მოაწერა ხელი.

21 თებერვალს პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა, 24 თებერვალს კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო.

სპორტის არაერთი სახეობის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთი მკაცრი სანქციებით დასაჯა და ტურნირებიდან მოკვეთა.

რუსეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, დინიარ ბილიალეტდინოვი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს

სტატიის ავტორი
-