იამაიკასთან 3:0 მოგების შემდეგ სკალონიმ არგენტინის ნაკრების მწვრთნელად დარჩენის სურვილი გამოთქვა: “მინდა გავაგრძელო ნაკრებში მოღვაწეობა. მე საუკეთესო ურთიერთობა მაქვს პრეზიდენტთან.“
ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიონელ სკალონი არგენტინის ნაკრების მწვრთნელი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე იქნება. მწვრთნელი “ალბისელესტეს” სათავეში კიდევ ოთხი წელი დარჩება. ის ამ თანამდებობაზე, 2018 წლის აგვისტოდან მუშაობს.
ამასთან დაკავშირებით არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჩიკი ტაპიამ საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით განცხადება გაავრცელა:
“მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ლიონელ სკალონი არგენტინის მწვრთნელის თანამდებობაზე 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე დარჩება. ჩვენს მიერ დაწერილ პროექტს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით და ვიმედოვნებ, რომ ეს შედეგს გამოიღებს.”
სკალონის დიდი მისია აკისრია და ამის შესრულება მარტივი არ იქნება. გულშემატკივრები მსოფლიო ჩემპიონატის წინ დიდი იმედებით არიან აღვსილი და ფიქრობენ, რომ არგენტინის ნაკრებს დიდი შანსი აქვს ყატარში ჩემპიონობა იზეიმოს.