,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, ,,ინტერთან” მოგებულ მატჩზე ისაუბრა:
,,ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაცია არსებობდა, რადგან ჩემპიონთა ლიგის დამსახურებულ ფინალისტებს ვეთამაშებოდით. გარდა ამისა, ,,ინტერი” ერთადერთი გუნდი იყო, რომელთანაც მიმდინარე სეზონში მოგება არ გვქონდა.
ჩემს გუნდს არავინ არ სჭირდება, რადგან ვიცით, როგორ ვითამაშოთ ფეხბურთი. პრეზიდენტმა და ჯუნტოლიმ კარგად იმუშავეს, მოიყვანეს ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც ერთიანი გუნდის წევრები გახდნენ. არის ხარისხი, თავგანწირვა, საკუთარი თავის რწმენა, კლუბთან, რომელსაც ყველა ეს ღირებულება აქვს, მუშაობა ადვილია.
ოსიმენის მიერ გამოხატული უკმაყოფილება? მას შეუძლია გაბრაზდეს, მაგრამ ეს ყოველთვის მწვრთნელის ბრალი არ არის. თავდამსხმელები უფრო მეტად გოლზე ფიქრობენ, მაგრამ არის სხვა დეტალებიც, რომლებსაც მათ ხელი უნდა შეუწყონ.
გარდა ამისა, ოსიმენს რთული კვირა ჰქონდა, ყველაფერი ვირუსით დაიწყო, შემდეგ მართვის მოწმობის ასაღებად რომში უნდა წასულიყო და ვარჯიში გამოტოვა.
როცა კვარაცხელია გავიყვანე ხალხის უკმაყოფილება ვიგრძენი, მაგრამ კუნთის დაჭიმვის ზღვარზე იყო. გულშემატკივრები იმდენს საუბრობენ ერთ-ორ მოთამაშეზე, რომ საკუთარ თავს არწმუნებენ, თითქოს, მათ გარეშე ვერ მოვიგებთ, რაც ასე არ არის,” – განაცხადა სპალეტიმ.
იტალიის სერია A-ს 36-ე ტურში ,,ნაპოლიმ” ,,ინტერს” უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.
36 ტურის შემდეგ ნეაპოლელებს, რომლებმაც ჩემპიონობა უკვე გაიფორმეს, 86 ქულა აქვთ.
სპალეტის გუნდი მომავალ შეხვედრას 28 მაისს, ,,ბოლონიასთან” სტუმრად გამართავს.