“ვიალი გასაოცარი ადამიანი იყო” – სუნესი თანაგუნდელს დაემშვიდობა

იტალიური ფეხბურთის ლეგენდა – ჯანლუკა ვიალი, 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. სახელოვანი იტალიელი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პანკრეასის სიმსივნეს ებრძოდა.

Sky Sports-სთან საუბარში, ყოფილმა თანაგუნდელმა გრემ სუნესმა ემოციების შეკავება ვერ შეძლო და ვიალის შესახებ თვალცრემლიანმა ისაუბრა.

ვიალიმ ისეთი ევროპული გრანდების მაისურები მოირგო, როგორიცაა: “ჩელსი” და “იუვენტუსი”, თუმცა ეს იმ კლუბების არასრული ჩამონათვალია, რომელშიც ლეგენდარულმა იტალიელმა კარიერის განმავლობაში იასპარეზა.

იტალიელი ლეგენდა ფეხბურთში ყველასათვის საყვარელი და პოპულარული ფიგურა გახლდათ და მეგობარმა მას ღირსეული პატივი მიაგო.

სუნესი და ვიალი 1980-იან წლებში, “სამპდორიაში” ერთად ასპარეზობდნენ. Sky Sports-სთან გულახდილ ინტერვიუში, 69-წლის სუნესი მეგობარს ღირსეულად დაემშვიდობა.


"ვიალი გასაოცარი ადამიანი იყო" - სუნესი თანაგუნდელს დაემშვიდობა 1

“ეს ამბავი 10 წუთია რაც გავიგე. მაპატიეთ, მხოლოდ 10 წუთია, რაც ამ ტრაგედიის შესახებ გავიგე – ვერ გეტვით, თუ რამდენად კარგი ადამიანი იყო ვიალი.

ერთი წუთით დაივიწყეთ ფეხბურთი – ის უბრალოდ გასაოცარი ადამიანი და განსაკუთრებული სულის პატრონი გახლდათ. იტალიაში საასპარეზოდ 31 წლის ასაკში ჩავედი. ის მაშინ 20 წლის იყო და მის გვერდით ყოფნა საოცრად სასიამოვნო იყო.

გართობის მოყვარული ბიჭი – ის სავსე იყო ენთუზიაზმით და გარდა იმისა რომ დიდებული ფეხბურთელი იყო, ის საოცრად თბილი ხასიათითაც გამოირჩეოდა.

მისი საფეხბურთო შესაძლებლობების შესახებ საუბარი არ მსურს – მირჩევნია, მის ადამიანობაზე გესაუბროთ. ბრწყინვალე საფეხბურთო ნიჭის მიღმა, საოცრად დადებითი და დიდი ადამიანი იდგა. სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახსა და მეუღლეს. მის შვილებს გაუმართლათ, რომ გვერდით ასეთი მამა ჰყავდათ და მის ცოლს გაუმართლა, რომ გვერდით ასეთი კაცი ჰყავდა”.

“ვიალი გასაოცარი ადამიანი იყო” – სუნესი თანაგუნდელს დაემშვიდობა

სტატიის ავტორი
-