ავტორიტეტული საკალათბურთო მედია საშუალება Eurohoops-ი, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და “ტენერიფეს” ლიდერის – გიორგი შერმადინის შესახებ, ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
Eurohoops-ი შერმადინს “ქულების ქართველ მანქანას” უწოდებს და აღნიშნავს, რომ ქართველი ცენტრი ისტორიული შედეგის დაფიქსირების ზღვარზეა.
გიორგი შერმადინს მხოლოდ 9 ქულის დაგროვება სჭირდება, იმისთვის რომ ისტორიაში მე-2 კალათბურთელი გახდეს, რომელიც საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაში 900-ქულიან ნიშნულს გადააჭარბებს.
ამ დროისათვის ქართველი ცენტრის აქტივში 891 ქულაა – პირველ ადგილს კი ვოიცეხ ჰრუბანი (996) იკავებს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სახელოვანმა ჩეხმა კალათბურთელმა ჩემპიონთა ლიგაზე 996 ქულის დაგროვება 6 სეზონის განმავლობაში შეძლო – შერმადინს 891 ქულის დასაგროვებლად 4 სეზონი დასჭირდა.
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მექულეები
1. ვოიცეხ ჰრუბანი – 996 ქულა.
2. გიორგი შერმადინი – 891 ქულა.
3. ლევი რენდოლფი – 797 ქულა.
4. დევიდ ჰოლსტონი – 797 ქულა.
5. ტიმ აბრომაიტისი – 758 ქულა.
6. მირო ბილანი – 758 ქულა.
7. ტაირუს მაკგიი – 751 ქულა.
“ორი კალათბურთელი, რომელიც კორტზე ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდება, ისტორიული შედეგის ზღვარზეა. ქულების ქართველი მანქანის ანგარიშზე 891 ქულაა და იდეალური შანსი აქვს იმისთვის, რომ ისტორიაში მეორე კალათბურთელი გახდეს, რომელიც 900-ქულიან ნიშნულს გადასცდება. “ჰაპოელის” გამორჩეული მოთამაშე ლევი რენდოლფია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაში 797 ქულა აქვს დაგროვებული და 800-ქულიან ნიშნულთან პრაქტიკულად აღარაფერი აშორებს”, – Eurohoops.
12 მაისს, ოთხთა ფინალის ეგიდით “ტენერიფე” “ჰაპოელს” დაუპირისპირდება – შერმადინსა და რენდოლფს კი ბრწყინვალე შესაძლებლობა ექნებათ, რომ ისტორიული შედეგი დააფიქსირონ.