2022 წელი | ქართული ძიუდოს წარმატებული წელი

2022 წელი ქართული ძიუდოსთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. მამაკაცთა ნაკრებმა პირველხარისხოვან ტურნირებზე (მასტერსი, გრან პრი, გრანდ სლემი), ხარისხობრივ-რაოდენობრივი მაჩვენებლის მიხედვით, საუკეთესო შედეგი აჩვენა და მსოფლიოს მასშტაბით პირველ ადგილზეა. საქართველომ შეძლო და ძიუდოს სამშობლოს იაპონიას გადაასწრო. ჩვენმა სპორტსმენებმა წელს 15 ოქროს, 11 ვერცხლის და 14 ბრინჯაო მოპოვება შეძლეს.

მოდით ქრონოლოგიურად გავიაროთ 2022 წლის თითოეული შეჯიბრი , სადაც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა.


2022 წლის პირველი შეჯიბრი | პორტუგალიის გრან პრი (28-30 იანვარი)


2022 წლის პირველი ოფიციალური შეჯიბრი პორტუგალიაში გაიმართა. პორტუგალიის გრან პრიმ სტარტი 28 იანვარს აიღო და 30 იანვარს დასრულდა. აღნიშნულ შეჯიბრზე საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთი, ბრინჯაოს სინჯის მედალი მოიპოვა.

ბრინჯაოს მედლის მოპოვება გიორგი ბერიაშვილმა შეძლო, რომელმაც ხორვატი – მარკო კუმრიჩი დაამარცხა.

2022 წელი | ქართული ძიუდოს წარმატებული წელი 1

პორტუგალიის გრან პრის მედალოსნები (-100 კგ)


პარიზის გრან სლემი | 5-6 თებერვალი


2022 წლის თებერვალში, ძიუდოს საერთაშორისო ასპარეზზე ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრი, პარიზის გრანდ სლემი ჩატარდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა საკმაოდ კარგი ასპარეზობით დაგვამახსოვრა თავი.

ქართველმა ძიუდოისტებმა პარიზში თავი 4 მოპოვებული მედლით გამოიჩინეს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ შეჯიბრზე სამივე სინჯის მედალს დავეუფლეთ.

ოქროს მედალი – ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ)

ვერცხლის მედალი – ტატო გრიგალაშვილი (81 კგ)

ბრინჯაოს მედალი – ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ).

2022 წელი | ქართული ძიუდოს წარმატებული წელი 2

პარიზის გრან სლემის გამარჯვებული – ლაშა შავდათუაშვილი ( 73 კგ)


თელ ავივის გრან სლემი | 17-19 თებერვალი


პარიზის გრან სლემის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 10 დღეში მორიგი უპრესტიჟულესი შეჯიბრი – თელ ავივის გრან სლემი იწყებოდა.

პარიზის გრანდ სლემზე წარმატებულად ასპარეზობის შემდეგ, თელ ავივში ქართველი გულშემატკივრების იმედი უფრო დიდი იყო. ქართველი ძიუდოისტების ასპარეზობამაც არ დააყოვნა და თელ ავივის გრან სლემიც საკმაოდ წარმატებული გამოდგა.

თელ ავივში 3 მედალი მოვიპოვეთ, აქედან 2 ოქროს მედალი იყო, ერთი კი ვერცხლის.

2022 წელი | ქართული ძიუდოს წარმატებული წელი 3
თელ ავივის გრანდ სლემის გამარჯვებული – ილია სულამანიძე (100 კგ)

ოქროს მედალი – ილია სულამანიძე (100 კგ); გურამ თუშიშვილი (+100 კგ)

ვერცხლის მედალი – ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ)


ანტალიის გრან სლემი | 1-3 აპრილი


1-3 აპრილს, ქართველი ძიუდოისტები თურქეთის ქალაქ ანტალიას ესტუმრნენ, სადაც სამდღიანი ასპარეზობის შემდეგ გუნდური პირველი ადგილი დავიკავეთ.

ქართველმა ფალავნებმა ანტალიაში 4 მედალი მოიპოვეს, აქედან 2 ოქროსი და 2 ვერცხლის.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სწორედ ანტალიის გრან სლემზე გაიცნო ქართველმა გულშემატკივარმა ახალგაზრდა, ძალიან ტექნიკური და ძლიერი ძიუდოისტი – გიორგი ტერაშვილი, რომელმაც პირველივე შესაძლებლობისთანავე პრესტიჟული ტურნირის მოგება შეძლო.

2022 წელი | ქართული ძიუდოს წარმატებული წელი 4
პირველი გრანდ სლემური ოქროს მედალი კარიერაში – გიორგი ტერაშვილი (73 კგ)

ოქროს მედალი – გიორგი ტერაშვილი (73 კგ); გურამ თუშიშვილი (+100 კგ)

ვერცხლის მედალი – ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ); ლუკა მაისურაძე (90 კგ).


ევროპის ჩემპიონატი (სოფია) | 28 აპრილი – 1 მაისი


და აი დადგა ევროპის ჩემპიონატის დროც, სადაც საქართველოს ნაკრები ბრწყინვალედ გამოვიდა. 2022 წლის ევროპის ჩემპიონი ორი ქართველი ძიუდოისტი: ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) გახდა.

ორი ოქროს მედლის გარდა, ქართველმა ფალავნებმა ევროპის ჩემპიონატზე კიდევ 2 მედალი მოიპოვეს. ჯამში კი 2022 წლის ევროპის პირველობა 4 მოპოვებული მედლით დავხურეთ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონი კარიერაში მეორედ გახდა, ლუკა მაისურაძემ კი ეს ტიტული პირველად მოიგო.

ოქროს მედალი – ტატო გრიგალაშვილი (81 კგ); ლუკა მაისურაძე (90 კგ)

ბრინჯაოს მედალი – გურამ თუშიშვილი (+100 კგ); ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ).

2022 წელი | ქართული ძიუდოს წარმატებული წელი 5
ევროპის ორგზის ჩემპიონი – ტატო გრიგალაშვილი.
2022 წელი | ქართული ძიუდოს წარმატებული წელი 6
2022 წლის ევროპის ჩემპიონი 90 კგ წონით კატეგორიაში – ლუკა მაისურაძე.

თბილისის გრანდ სლემი | 3-5 ივნისი


ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ასპარეზზე მცირეხნიანი დასვენება გამოცხადდა. 3 ივნისს კი ძიუდო თბილისში, თბილისის გრანდ სლემით დაბრუნდა.

თბილისის გრანდ სლემი ქართველების სრული დომინირებით მიმდინარეობდა. მამაკაცებში 7 წონითი კატეგორიიდან, 5 წონითი კატეგორია ოქროს მედლით დავასრულეთ.

თბილისის გრან სლემზე საქართველოს ნაკრებმა 14 მედალი მოიპოვა.

ოქროს მედალი – თემურ ნოზაძე (60 კგ); ლაშა შავდათუშვილი (73 კგ); ბექა ღვინიაშვილი (90 კგ); ონისე სანებლიძე (100 კგ); გელა ზაალიშვილი (+100 კგ).

ვერცხლის მედალი – გიორგი სარდალაშვილი (60 კგ); გიორგი თუთაშვილი (66 კგ); ტატო გრიგალაშვილი (81 კგ); გიორგი ბერიაშვილი (100 კგ).

ბრინჯაოს მედალი – ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ); გიორგი ტერაშვილი (73 კგ); ლევან მატიაშვილი (+100 კგ); ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ); სოფიო სომხიშვილი (+78 კგ).

2022 წელი | ქართული ძიუდოს წარმატებული წელი 7
თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებული – თემურ ნოზაძე (60 კგ).

ბუდაპეშტის გრანდ სლემი | 8-10 ივლისი


8-10 ივლისს, უნგრეთის დედაქალაქმა ძიუდოს ერთ-ერთ გამორჩეულ გრანდ სლემს უმასპინძლა.

ბუდაპეშტის გრანდ სლემი ის ერთ-ერთი უიშვიათესი გამონაკლისი იყო, სადაც საქართველოს ნაკრებმა ოქროს მედლის მოპოვება ვერ შეძლო.

ქართველმა ფალავნებმა ჯამში 5 მედალი მოიპოვეს, თუმცა ყველაზე სამწუხარო ის ფაქტი იყო, რომ სამი ქართველი ფინალში დამარცხდა.

ვერცხლის მედალი – ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ); ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ).

ბრინჯაოს მედალი – თემურ ნოზაძე (60 კგ) და ბექა ღვინიაშვილი (90 კგ).

2022 წელი | ქართული ძიუდოს წარმატებული წელი 8
60 კგ წონითი კატეგორიის კვარცხლბეკზე 2 ქართველი: ლუხუმ ჩხვიმიანი და თემურ ნოზაძე

ზაგრების გრან პრი | 15-17 ივლისი


2022 წლის ზაფხულის ბოლო შეჯიბრი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გაიმართა. დედაქალაქმა გრან პრის უმასპინძლა, სადაც საქართველოს ნაკრებმა 4 მედლის მოპოვება შეძლო.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზაგრების გრან პრი, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე ბოლო შეჯიბრი იყო.

ოქროს მედალი – ბექა ღვინიაშვილი (90 კგ)

ვერცხლის მედალი – ილია სულამანიძე (100 კგ)

ბრინჯაოს მედალი – გიორგი სარდალაშვილი (60 კგ); ტატო გრიგალაშვილი (81 კგ).

2022 წელი | ქართული ძიუდოს წარმატებული წელი 9
90 კგ წონითი კატეგორიის გამარჯვებული – ბექა ღვინიაშვილი.

მსოფლიო ჩემპიონატი (ტაშკენტი) | 6-12 ოქტომბერი


და აი მივადექით 2022 წლის ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრს. ტაშკენტის მსოფლიო ჩემპიონატი – ადგილი, სადაც ქართველი გულშემატკივარი ბევრ მედალსა და ახალ მსოფლიო ჩემპიონს ელოდა.

არც წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატს ჩაუვლია ოქროს მედლის გარეშე. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი გახდა, რომელმაც ფინალში მატიას კასეს საოცარი გდება გაუკეთა. სწორედ ამ დიდი გამარჯვების გამო, ტატო გრიგალაშვილი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩათვლით წითელი არშიით იასპარეზებს.

ტატო გრიგალაშვილის გარდა, მსოფლიო ჩემპიონატზე მედლის მოპოვება კიდევ სამმა ქართველმა ძიუდოისტმა შეძლო.

ოქროს მედალი – ტატო გრიგალაშვილი (81 კგ)

ბრინჯაოს მედალი – ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე (90 კგ); გურამ თუშიშვილი (+100 კგ)

2022 წელი | ქართული ძიუდოს წარმატებული წელი 10
ტატო გრიგალაშვილი აღნიშნავს მსოფლიო ჩემპიონობას (81 კგ).

აბუ დაბის გრანდ სლემი | 21-23 ოქტომბერი


21-23 ოქტომბერს, ძიუდოს მსოფლიო ტურს აბუ დაბიმ უმასპინძლა. წლის ერთ-ერთ ბოლო შეჯიბრზე, საქართველოს ნაკრებმა 4 მედლის მოპოვება მოახერხა.

ოქროს მედალი – გიორგი სარდალაშვილი (60 კგ); ბექა ღვინიაშვილი (90 კგ).

ვერცხლის მედალი – სოფიო სომხიშვილი (+78 კგ)

ბრინჯაოს მედალი – ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ).

2022 წელი | ქართული ძიუდოს წარმატებული წელი 11
-60 კგ წონითი კატეგორიის კვარცხლბეკი – ოქროს მედლის მფლობელი გიორგი სარდალაშვილი

საკლუბო ჩემპიონთა ლიგა (გორი) | 26 ნოემბერი


26 ნოემბერს, ქალაქ გორში ძიუდოს 2022 წლის ჩემპიონთა ლიგა ჩატარდა, რომელიც ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტის – შოთა ჩოჩიშვილის ხსოვნისადმი იყო მიძღვნილი.

გორში გამართულ ჩემპიონთა ლიგაზე არაერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავმა იასპარეზა. ერთ-ერთი მათგანი კი 10-გზის მსოფლიოსა და 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი – ტედი რინერი იყო, რომელიც გურამ თუშიშვილმა კარიერაში პირველად დაამარცხა.

შეჯიბრზე 3 ქართული გუნდი მონაწილეობდა, საიდანაც ერთ-ერთმა ოქროს, მეორემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ოქროს მედალი – “მებრძოლი” (Fighter Tbilisi) | გუნდში ჭიდაობდნენ: გიორგი ჩიხელიძე, ბაგრატ ნინიაშვილი, ლევან გუგავა, ტატო გრიგალაშვილი და გურამ თუშიშვილი.

ბრინჯაოს მედალი – “ოქროს გორი” (Golden Gori) | გუნდში ჭიდაობდნენ: ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ვლადიმერ ახალკაცი, ლუკა მაისურაძე და გელა ზაალიშვილი.

2022 წელი | ქართული ძიუდოს წარმატებული წელი 12

2022 წლის საკლუბო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ქართული კლუბი “მებრძოლი”


ბაქოს გრანდ სლემი | 4-6 ნოემბერი


ბაქოს გრან სლემი ძიუდოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრია. აზერბაიჯანის დედაქალაქში, თითქმის ყოველწლიურად მსოფლიო ძიუდოს ვარსკვლავები ოქროს მედლის მოსაპოვებლად ჩადიან.

2022 წლის ბაქოს გრანდ სლემი, ქართველი ფალავნებისთვის წარმატებული ვერ აღმოჩნდა. ბაქოში სულ ორი მედლის მოპოვება შევძელით, ორივე ბრინჯაოს სინჯის.

ბრინჯაოს მედალი – ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ); ლუკა მაისურაძე (90 კგ).

2022 წელი | ქართული ძიუდოს წარმატებული წელი 13
ბაქოს გრანდ სლემზე 73 კგ წონითი კატეგორიის კვარცხლბეკი.

ტოკიოს გრანდ სლემი | 3-4 დეკემბერი


2022 წლის ბოლოსწინა შეჯიბრი ძიუდოს სამშობლოში – იაპონიაში, კერძოდ კი ტოკიოში გაიმართა.

ტოკიოს გრან სლემზე ქართველი მამაკაცებიდან მხოლოდ ლაშა ბექაურმა იჭიდავა, რომელიც ამ შეჯიბრზე იაპონიის ძიუდოს ფედერაციამ პირადად მიიწვია.

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნახევარფინალური ბრძოლა დათმო, თუმცა ბრინჯაოს მედლის მოპოვება მაინც შეძლო.

ბრინჯაოს მედალი – ლაშა ბექაური (90 კგ).

2022 წელი | ქართული ძიუდოს წარმატებული წელი 14
90 კგ წონითი კატეგორიის პრიზიორები.

იერუსალიმის მასტერსი | 20-22 დეკემბერი


2022 წლის ბოლო შეჯიბრი ისრაელის დედაქალაქში გაიმართა, რომელიც ქართველი ფალავნებისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2022 წელს ტატო გრიგალაშვილმა წლის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრი: ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატი და მასტერსი მოიგო.

ასე და ამგვარად, 2022 წელი 2 ოქროს მედლითა და 1 ბრინჯაოს მედლით დავასრულეთ.

ოქროს მედალი – ტატო გრიგალაშვილი (81 კგ); ილია სულამანიძე (100 კგ).

ბრინჯაოს მედალი – ლუკა მაისურაძე (90 კგ).

2022 წელი | ქართული ძიუდოს წარმატებული წელი 15
ტატო გრიგალაშვილისა და ლაშა გუჯეჯიანის პირველი ემოციები, იერუსალიმის მასტერსზე გამარჯვების შემდეგ.

2022 წლის საბოლოო მსოფლიო რეიტინგი


2022 წელი | ქართული ძიუდოს წარმატებული წელი 16
2022 წლის საბოლოო რეიტინგი.

2022 წლის საბოლოო რეიტინგი ასე გამოიყურება. საბედნიერო და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მიმდინარე წლის საბოლოო რეიტინგში, შვიდი წონიდან სამის სათავეში ქართველი ძიუდოისტები დგანან.

73 კგ |

73 კგ წონით კატეგორიას 2012 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონი და 2013 წლის ევროპის ჩემპიონი – ლაშა შავდათუაშვილი ლიდერობს.

შავდათუაშვილის ანგარიშზე 6615 სარეიტინგო ქულაა და მეორე ადგილზე მყოფ აზერბაიჯანელ – ჰიდაირატ ჰეიდაროვს 545 ქულით უსწრებს.

81 კგ |

2022 წელს, 81 კგ წონითი კატეგორიის ლიდერი არაერთხელ შეიცვალა. სიის სათავეში ხან ბელგიელი – მატიას კასე, ხანაც მსოფლიოსა და 2-გზის ევროპის ჩემპიონი – ტატო გრიგალაშვილი იყვნენ.

თუმცა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონობამ ტატო გრიგალაშვილი რეიტინგის სათავეში საბოლოოდ დააწინაურა და 2022 წელს პირველი ადგილით ასრულებს.

23 წლის ქართველი ფალავნის ანგარიშზე 9296 სარეიტინგო ქულაა და მეორე ადგილზე მყოფ ბელგიელ – მატიას კასეს, 1451 ქულით სჯობნის.

100 კგ |

2022 წელი ოქროს მედლით დახურა ილია სულამანიძემ, რომელიც იერუსალიმის მასტერსის გამარჯვებული გახდა. ამ გამარჯვებით 21 წლის ქართველი ძიუდოისტი, 100 კგ წონითი კატეგორიის ლიდერი გახდა.

სულამანიძის ანგარიშზე 5754 სარეიტინგო ქულაა. მეორე ადგილზე კი ნიდერლანდელი – მიხაელ კორელია, რომელსაც ილიამ წლის ბოლო შეჯიბრზე მოპოვებული ოქროს მედლით, 427 ქულით გაუსწრო.

Live.ge ქართველ ძიუდოისტებს წარმატებულ 2023 წელს უსურვებს!

2022 წელი | ქართული ძიუდოს წარმატებული წელი

სტატიის ავტორი
-