თელ ავივის გრანდ სლემი: დასკვნითი (III) დღე – ვარსკვლავების იმედად | პრევიუ

19 თებერვალს, ისრაელის ქალაქ თელ ავივში, თელ ავივის გრანდ სლემის დასკვნით დღე აიღებს სტარტს, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 5 სპორტსმენი იასპარეზებს.

-90 კგ

-90 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას უშანგი მარგიანი დაიცავს. უშანგი განთესილი არ იქნება და მონაწილეობას C ბადეში მიიღებს.

ქართველი ფალავნის მეტოქე პირველ ეტაპზე აზერბაიჯანელი – რუფატ ისმაილოვი იქნება. აზერბაიჯანული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი მარგიანი სერბ მსოფლიო ჩემპიონ – ნემანია მაიდოვს დაუპირისპირდება. თუ უშანგი შეძლებს და მსოფლიო ჩემპიონსაც დაამარცხებს, 1/4 ფინალში ისრაელის წარმომადგენელ – ლი კოჩმანს დაუპირისპირდება.

-100 კგ

-100 კგ წონით კატეგორიაში ორი წარმომადგენელი გვეყოლება: ილია სულამანიძე და ონისე სანებლიძე.

ორივე ქართველი განთესილი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან (1/8 ფინალიდან) ჩაერთვებიან. ონისე სანებლიძე B ბადეში მიიღებს მონაწილეობას, ილია სულამანიძე კი C-ში იქნება განთესილი.

ონისე სანებლიძე ასპარეზობას 1/8 ფინალიდან დაიწყებს და მისი მეტოქე ამერიკელ – ლ.ა სმიტ III-სა და ბრაზილიელ – უილიამ ჯუნიორს შორის გამარჯვებული იქნება. წესითა და რიგირ, ონისე სანებლიძედ 1/4 ფინალში გასვლა არ უნდა გაუჭირდეს, სადაც მას მეტოქედ, ნიდერლანდელ – მიშელ კორელსა და ყაზახ – ისლამ ბოზბაიევს შორის გამარჯვებული შეხვდება.

რაც შეეხება ილია სულამანიძეს, ილია ასპარეზობას 1/8 ფინალიდან დაიწყებს და მისი მეტოქე, ისრაელი წარმომადგენელ – სტანისლავ ბანჩუკსა და ყაზახ – იერკანატ მოლდაგულოვს შორის ბრძოლაში გაირკვევა. ექსპერტების აზრით, ილია სულამანიძე -100 კგ წონითი კატეგორიის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება და ნახევარფინალამდე გასვლა არ უნდა გაუჭირდეს. 1/4 ფინალში სულამანიძის სავარაუდო მეტოქე, გერმანელ – კარლ რიჩარ ფრეისა და რუმინელ – ედუარდო სერბანს შორის გამარჯვებული იქნება.

+100 კგ

+100 კგ-ში, საქართველოს დროშის ქვეშ: გურამ თუშიშვილი და ონისე ბუღაძე იჭიდავებენ.

ორივე ქართველი განთესილი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე მათგანი ასპარეზობას 1/8 ფინალიდან იწყებს.

ონისე ბუღაძე წარმოშობით ქართველ, აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ვეტერან – უშანგი კოკაურს დაუპირისპირდება და 1/4 ფინალის საგზურის მოპოვებას შეეცდება. თუ ბუღაძე 1/4 ფინალში გასვლას შეძლებს, მისი მეტოქე, უკრაინელ – იაკიმ ხამოსა და ფრანგ – იოსეპ ტერგეცს შორის გამარჯვებული იქნება.

რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონ – გურამ თუშიშვილს, გურამი D ბადეში მიიღებს მონაწილეობას და მისი 1/8 ფინალში, მისი მეტოქე, უზბეკი – ბეკმუროდ ოლტიოევი იქნება. უზბეკური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ქართველი მსოფლიო ჩემპიონი, 1/4 ფინალში, ნიდერლანდელ – როი მეიერს შეხვდება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:25, ხოლო ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება.

 

თელ ავივის გრანდ სლემი: დასკვნითი (III) დღე – ვარსკვლავების იმედად | პრევიუ

სტატიის ავტორი
-