“ასეთ ფიზიკურ კონდიციაში ჩვენი ნაკრები არასდროს ყოფილა” – წყალბურთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს.
ტურნირი უნგრეთში, ბუდაპეშტში გაიმართება.
საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 21 ივნისს ბრაზილიის წინააღმდეგ გამართავს. “ევრონიუს ჯორჯიას” წყალბურთის კლუბ “დინამო თბილისის” დირექტორი, მიხეილ ბაღათურია ესაუბრა. ჯგუფში ბრაზილიის გარდა, უნგრეთისა და მონტენეგროს ნაკრებები გვყავს. ბაღათურიას თქმით, მთავარი თამაში ჩვენთვის, სამხრეთ ამერიკელების წინააღმდეგ იქნება. სწორედ მათ წინააღმდეგ გეგმავს საქართველოს ნაკრები გამარჯვებას. ბრაზილიის დამარცხების შემთხვევაში, მიხეილის აზრით, საქართველოს ნაკრებს შესწევს იმის ძალა, რომ მონტენეგროს ნაკრებიც დაამარცხოს. აღსანიშნავია, რომ მონტენეგროს ნაკრების ორმა წამყვანმა მოთამაშემ დრაშკო ბრგულიანმა და ალექსანდარ ივოვიჩმა სანაკრებო კარიერა დაასრულეს. იმ შემთხვევაში თუ ბრაზილიის ნაკრებს დავამარცხებთ, დიდია იმის ალბათობა, რომ პლეი-ოფში ვითამაშოთ. ამ სტადიაზე ჩვენი სავარაუდო მეტოქეები იაპონია, საბერძნეთი, ხორვატია და გერმანია იქნებიან.
ჩვენი ნაკრები ძირითადად “დინამო თბილისის” მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. მათმა უმრავლესობამ, არც ისე დიდი ხნის წინ, დაასრულა ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგაზე და საინტერესოა არიან თუ არა ფიზიკურად მზად წყალბურთელები სრული დატვირთვით თამაშისთვის.
“მე ვფიქრობ მზად არიან, დეიან სტანოიევიჩმა დიდი სამუშაოები გასწია ამისთვის. ასეთ ფიზიკურ კონდიციაში ჩვენი ნაკრები არასდროს ყოფილა, მათ ოთხივე პერიოდის სრული დატვირთვით ჩატარება შეუძლიათ. ჩემი აზრით, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგაც, ევროპის ჩემპიონატზე გუნდი შესანიშნავ ფორმაში იქნება. – ამბობს მიხეილ ბაღათურია
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები გეგმავს, რომ რეგულარულად ითამაშონ მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა მთავარი მიზანი მაინც ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრაა.

 

“ასეთ ფიზიკურ კონდიციაში ჩვენი ნაკრები არასდროს ყოფილა” – წყალბურთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება

სტატიის ავტორი
-