სპარტაკის ყოფილი პრეზიდენტი: “საზანოვს მსოფლიოზე თამაში შეეძლო, მაგრამ საქართველო და ჩურჩხელის ჭამა არჩია”

რუსი ბიზნესმენი და მოსკოვის “სპარტაკის” ყოფილი პრეზიდენტი, ანდრეი ჩერვიჩენკო საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ახალწვეულის, საბა საზანოვის შესახებ საუბრობს და მას საქართველოს მოქალაქეობის არჩევის გამო აკრიტიკებს.

“თუ მას მხოლოდ შესარჩევ ტურნირებზე მონაწილეობის მიღება სურს, მაშინ უნდა მივცეთ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. მთელი ეს საგიჟეთი, რომელსაც რუსეთის ჩამოცილება ეწოდება, 2-3 წელიწადი გაგრძელდება, მეტი – არა. შემდეგ კი რუსეთის ნაკრები კვლავ დაბრუნდება საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენი გუნდით საზანოვს შეეძლო მონაწილეობა მიეღო მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე, საამისოდ საკმაოდ ახალგაზრდაა და შანსი ექნებოდა, საქართველოსთან ერთად კი ამას ვერასდროს გააკეთებს.

თუ ქართველებთან თამაში უნდა, დაე, ითამაშოს. ჩვენი ბიჭები ორ წელიწადში სერიოზულ ტურნირებში ითამაშებენ და მას კი შეუძლია ჩურჩხელის ჭამით დატკბეს”, – თქვა რუსმა ბიზნესმენმა და საფეხბურთო მენეჯერმა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ 19 სექტემბერს გავრცელებული განცხადების მიხედვით, საბა საზანოვი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს შეუერთდა და რამაზ სვანაძის გაწვრთნილ გუნდთან ერთად პორტუგალიისა და თურქეთის წინააღმდეგ ჩასატარებელ ამხანაგურ შეხვედრებისთვის მოემზადება.

სპარტაკის ყოფილი პრეზიდენტი: “საზანოვს მსოფლიოზე თამაში შეეძლო, მაგრამ საქართველო და ჩურჩხელის ჭამა არჩია”

სტატიის ავტორი
-