“ჩვენი მიზანი თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაა” – უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი

4 ივლისს, თბილისის დროით 13:00 საათზე, უმცროსი ბორჯღალოსნები იტალიელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან. C-ჯგუფის პრინციპულ შეხვედრამდე, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე, უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის – ლადო კილასონიას კომენტარი გამოქვეყნდა, რომელიც აღნიშნავს, რომ მაყურებელი ორი ხისტი ხასიათის გუნდის საინტერესო ჯახს იხილავს.

ლადო კილასონია: “გუშინ დაბალი, დღეს კი მაღალი ინტენსივობის ვარჯიში გვქონდა და ორივემ კარგად ჩაიარა. იტალიას ბოლო წლებში ერთ-ერთი უძლიერესი 20-წლამდელთა ნაკრები ყავს. წელს მას ექვს ერზეც კარგი შედეგები ქონდა. არგენტინასთან მწარე მარცხის შემდეგ, მათ შეძლეს და მასპინძლებს მოუგეს, რაც ჩვეულებრივ გუნდს არ შეუძლია. ის არის კარგად მომზადებული, მებრძოლი ხასიათის გუნდი, რომელიც კარგად იყენებს თავის ძლიერ მხარეებს და ეს სამხრეთ აფრიკასთან მატჩმაც დაგვანახა. ჩვენი მიზანი თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაა. მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ დეტალებს, რომლებიც ჩვენი აზრით გადამწყვეტი იქნება. ვფიქრობ, მაყურებელი ორი ხისტი ხასიათის გუნდის საინტერესო ჯახს იხილავს”.

შეგახსენებთ, C-ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში, არგენტინისა და საქართველოს დაპირისპირება შედგა, რომელიც უმცროსი ბორჯღალოსნების სრული დომინირებით წარიმართა და ლოგიკური შედეგით (0:20) დასრულდა.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე სარეკორდო სხვაობით გაიმარჯვეს და თანაც როგორ – ტიერ1-ის არგენტინა უქულოდ დატოვეს და 20:0 დაამარცხეს!

არგენტინასთან მოპოვებულ გამარჯვებამდე აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს ყველაზე დიდი სხვაობით შოტლანდია ყავდა დამარცხებული (2018 წელს 39:31), აქამდე უმცროს ბორჯღალოსნებს არასდროს მოეგოთ მშრალი ანგარიშით, აქამდე საქართველოს არასდროს ჰქონია ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების და თასის ნახევარფინალში თამაშის შესაძლებლობა, ახლა კი ეს ყველაფერი ძალიან, ძალიან რეალურია.

“ჩვენი მიზანი თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაა” – უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი

სტატიის ავტორი
-