“დამზადებული საქართველოში და გაფურჩქნული გლოსტერში” | BT Sport-ის სიუჟეტი ვალ რაფავა-რუსკინზე

საქართველოს ნაკრების ყოფილი მეორეხაზელის, გია რაფავას შვილი ვალ რაფავა-რუსკინი ინგლისური სარაგბო სამყაროს აღფრთოვანებას განაგრძობს.

BT Sport-თან საუბრისას, 30 წლის მორაგბემ მის სამომავლო გეგმებსა და მამასთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

“ჩემი ბაბუა და მამა საქართველოს რაგბის ნაკრებს კაპიტნობდნენ. ეს არის ორი თაობა, რომელმაც მათი ქვეყნისთვის დიდი რამ გააკეთეს. მამას ჩემზე დიდი გავლენა აქვს. არის თამაშები, როცა მისგან ბევრს რჩევას ვიღებ. მან იცის თუ რა უნდა გავაკეთო. ახლახანს დავქორწინდი და უფრო მეტი დრო მაქვს ჩემი თამაშების ერთად საყურებლად.

რას ფიქრობ რა მოგცა გენეტიკურად შენმა ოჯახმა?

“ჩემი ძმა თითქმის ორი მეტრი არის, 130 კილოგრამი. მამაჩემი მასზე უფრო დიდია და რატომღაც მე ყველაზე პატარა გამოვედი. მამა 60 წლის არის და მკლავჭიდში მაინც მამარცხებს.”

“2 წლის ვიყავი, როცა აქ გადმოვედი და მთელი ჩემი კარიერა ვოცნებობდი, რომ ინგლისის ნაკრებში მეთამაშა. ბევრს ვმუშაობ იმისთვის, რომ უკეთესი გავხდე. უამრავ ადამიანს სჯერა ჩემი და მინდა მათი იმედები გავამართლო.”

როგორც ზემოთ არის ნახსენები, ვალ რაფავა-რუსკინი მხოლოდ ორი წლის იყო, როცა მისი ოჯახი ინგლისში გადაბარგდა. ის ლონდონში გაიზარდა და რაგბის თამაში “ბლეკჰიტში” დაიწყო. შემდეგ დასავლეთ პროვინციის 19-წლამდელთა ნაკრებშიც მოხვდა. გარდა ამისა, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში აქვს ნათამაშები. მისი საკლუბო კარიერა “სარასენსსა” და “ტულონსაც” ითვლის. ამჟამდ ის “გლოსტერში” ირიცხება და გუნდისთვის დიდ როლს ასრულებს.

საინტერესოა, რომ ქართული ფესვების მქონე მორაგბე ინგლისის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში ორჯერ დასახელდა. პირველად რაფავა-რუსკინი 2019 წელს გამოიძახეს, თუმცა მას “ვარდების” კვართის მორგების შესაძლებლობა არ მიეცა. მეორე შემთხვევა კი, 2022 წლის 18 ოქტომბერს დაფიქსირდა.

“დამზადებული საქართველოში და გაფურჩქნული გლოსტერში” | BT Sport-ის სიუჟეტი ვალ რაფავა-რუსკინზე

სტატიის ავტორი
-