ლადო კილასონია: „ორი შეცდომა ძვირად დაგვიჯდა“

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მატჩის დასკვნით 5 წუთში ორი გარდასახული ლელო მიიღეს, რამაც ინგლისს „ავჭალაზე“ გამართული პირველი საკონტროლო მატჩი 41:36 მოაგებინა.

მანამდე, თითქმის მთელი 75 წუთი, მასპინძლები დომინირებდნენ და ისტორიულ შედეგთან ძალიან ახლოს იყვნენ. 15-კაცა რაგბში საქართველოს ინგლისი არცერთ ასაკობრივ დონეზე არ დაუმარცხებია, 20-წლამდელებში კი სულაც პირველად ეთამაშა.

„მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო სათითაოდ ყველა მოთამაშეს, რომლებიც დღეს მოედანზე გავიდნენ. მაყურებელი ნახავდა, რომ თამაშის მსვლელობისას შემადგენლობა სამჯერ შევცვალეთ. დამწყებებმაც, გამგრძელებლებმაც და დამაგვირგვინებლებმაც, მოედანზე სული და გული დადეს, მაგრამ ინგლისი ძალიან მაღალი დონის გუნდია, რომელმაც 3-ჯერ მოიგო 20-წლამდელთა ჩემპიონატი და როდესაც ასეთი დონის მოწინააღმდეგესთან შეცდომას უშვებ, აუცილებლად ისჯები“ – განვლილ თამაშს აფასებს უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლადო კილასონია და განაგრძობს:

„ჩვენ გვაქვს გეგმა, რომლის თანახმად აქცენტი კეთდება როგორც გუნდის ჩამოყალიბებაზე, ასევე გამოცდილების მიღებაზე და შეცვლების სიმრავლეც ამითაა განპირობებული. მოთამაშეებზე სათამაშო დრო თანაბრად გადავანაწილეთ და ასეთ პირობებშიც გვქონდა გამარჯვების შანსი. როდესაც გულით თამაშს ცივი გონებით მიღებული გადაწყვეტილებები ახლდა, ყველაფერი კარგად გამოგვდიოდა, მაგრამ მთელი 80 წუთის განმავლობაში ამის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ“.

სამხრეთ აფრიკაში, 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გამგზავრებამდე, უმცროს ბორჯღალოსნებს დასკვნითი საკონტროლო თამაში ელით. კილასონიას შეგირდები ინგლისს მეორედ 1 ივნისს, ასევე „ავჭალაზე“ ერკინებიან და ქომაგებს მათი ტურნირზე გაცილების კარგი შესაძლებლობა ექნებათ.

რა ცვლილებები იქნება მომავალი თამაშის წინ?

„ვიდეო-ანალიზი და ბიჭების ფიზიკური მდგომარეობა გვაჩვენებს რა ცვლილებები გვექნება მეორე მატჩში. საფრანგეთიდან ველით ლეგიონერთა ნაწილს. ბევრ რამეზე ვართ დამოკიდებული. მთლიანობაში, ინგლისთან 10-მდე მორაგბე დაგვაკლდა და მათ ნაწილს უახლოეს პერიოდში ველოდებით, ნაწილი კი პირდაპირ სამხრეთ აფრიკაში შემოგვიერთდება“ – აღნიშნავს კილასონია.

წყარო: rugby.ge

ლადო კილასონია: „ორი შეცდომა ძვირად დაგვიჯდა“

სტატიის ავტორი
-