Top 14 | კასტრი Vs. მონპელიე – ქართველების დაპირისპირება დიდ ფინალში | VIDEO

საფრანგეთის ტოპ 14-ის ფინალში, 2021/22 წლების სეზონის ტრიუმფატორის გამოსავლენად, “კასტრისა” და “მონპელიეს” დაპირისპირება შედგება. 24 ივნისს, თბილისის დროით, 22:45 საათზე, ლევან ჩილაჩავას “კასტრი” გელა აფრასიძისა და მიხეილ ნარიაშვილის (სამწუხაროდ ეს უკანასკნელი სეზონის დასრულების შემდეგ, კლუბს დატოვებს) “მონპელიეს” დაუპირისპირდება.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ორმა გამორჩეულმა წევრმა, მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ელიტურ საკლუბო ჩემპიონატში ბრწყინვალედ იასპარეზა და საკუთარი გუნდის წარმატებაში ლომის წვლილი დაიდო.

ნახევარფინალურ დაპირისპირებაში, “კასტრი” “ტულუზას” ვარსკვლავურ შემადგენლობას მედგარ ბრძოლაში გაუმკლავდა და 24:18 დაამარცხა. საქართველოს მორაგებთა ეროვნული ნაკრებისა და “კასტრის” ბურჯი – ლევან ჩილაჩავა, მატჩში 59-ე წუთზე, მარქაფიდან ჩაერთო.

“მონპელიესა” და “ბორდოს” ნახევარფინალური დაპირისპირება, არანაკლებ დაძაბული გამოდგა. “მონპელიემ” მოწინააღმდეგე 19:10 დაამარცხა და ფინალური საგზური მოიპოვა. გელა აფრასიძე მატჩში მარქაფიდან, იმ დროს ჩაერთო, როდესაც “მონპელიე” მხოლოდ 3-ქულიანი სხვაობით (13:10) იმარჯვებდა.

“ბორჯღალოსანთა” და “მონპელიეს” 9-იანმა 55 და 57 მეტრიდან ორი წარმოუდგენლად ლამაზი ჯარიმა გაიტანა და ტაბლოზე საფინალო ანგარიში (19:10) დააფიქსირა. აფრასიძის ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმები, პრაქტიკულად ყველა სარაგბო პორტალის განხილვის თემად იქცა.

Top 14 | კასტრი Vs. მონპელიე – ქართველების დაპირისპირება დიდ ფინალში | VIDEO

სტატიის ავტორი
-