უმცროსი ბორჯღალოსნები | ბოლო ტესტი მსოფლიომდე

უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ბოლო საკონტროლო თამაშს გამართავენ. 1 ივნისს „ავჭალაზე“, საქართველო ინგლისელ თანატოლებს მეორედ ერკინება.

პირველი, ისტორიული რკენა (რადგან ინგლისის პირველი ნაკრები საქართველოსთან სათამაშოდ პირველად ჩამოვიდა და ჩვენი 20-წლამდელები ინგლისელ თანატოლებს პირველად დაუპირისპირდნენ) 27 მაისს ასევე „ავჭალაზე“ გაიმართა. საწყისი 20 წუთის შემდეგ უმცროსი ბორჯღალოსნები უპირატესობას დაეუფლნენ და 24:15 დაწინაურდნენ. 9-ქულიანი ჰანდიკაპი 75-ე წუთამდე შენარჩუნდა, მერე კი სტუმრებმა ორი გარდასახული ლელო გაიტანეს და 41:36 გაიმარჯვეს.

საქართველოსა და ინგლისის 20-წლამდელთა მეორე შეხვედრა, სტუმრების თხოვნით 16 საათზე დაიწყება, რაც ქართველ ქომაგს ერთგვარ დისკომფორტს უქმნის. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ 1 ივნისს სტადიონზე რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი მივიდეს და უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში გააცილოს, სადაც 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით, კოვიდ-პანდემიით გამოწვეული 3-წლიანი პაუზის შემდეგ, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა მეცამეტე ჩემპიონატი გაიმართება.


უმცროსი ბორჯღალოსნები | ბოლო ტესტი მსოფლიომდე 1

ხუთი ცვლილება სასტარტოში

რადგან ეს თამაშები სელექციას ემსახურება, უმცროს ბორჯღალოსნების განაცხადში პირველი მატჩის მსგავსად 30 მოთამაშეა. 27 მაისის შემდეგ, გუნდს რამდენიმე ლეგიონერი დაემატა, თუმცა სრული შემადგენლობის შეკრება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება.

4 დღის წინანდელი ჯახის შემდეგ ერთი ცვლილებაა ხაზში. ფრთაზე თამაშს ლუკა კობაური იწყებს, ლუკა სახელაშვილმა კი მარქაფაში გადაინაცვლა. უცვლელია ღერძი – დავით ხუროშვილი და პეტრე ხუციშვილი, ასევე ცენტრი – გიორგი შველიძე და თორნიკე კახოიძე. მეორე ფრთა კვლავ ლუკა ცირეკიძე იქნება, ხოლო ფულბეკი – ვაჟა მიქაძე.

სრულად შეიცვალა შერკინების პირველი ხაზი. თამაშს იწყებენ გიორგი მამაიაშვილი, თამაზ ჭამიაშვილი და ლაშა ფხაკაძე. უცვლელია მეორე ხაზის წყვილი – გურამ ღანიაშვილი და გიორგი ნიკოლაძე. მესამე ხაზში გამოჩნდა რატი ზაზაძე, ხოლო ნიკოლოზ საყვარელიძემ და ნიკა ლომიძემ ძირითადში ადგილი შეინარჩუნეს.

პირველ მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ და ამჯერად მარქაფაში არიან გიგი ჭუმბურიძე, გელა ხელაძე, დიტო ბერაია და დავით მჭედლიძე.

„პირველი თამაშის შემდეგ რამდენიმე ლეგიონერი დაგვემატა და შემადგენლობაში ცვლილებებია, რათა ყველას მივცეთ თავის გამოჩენის და გამოცდილების შეძენის თანაბარი შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვაკლია რამდენიმე ლეგიონერი. ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად მივყვეთ სათამაშო გეგმას და გამოვასწოროთ სუსტი წერტილები, რომელიც პირველმა თამაშმა დაგვანახა. თამაშებს შორის სულ ორი სრულფასოვანი ვარჯიში გვქონდა და ასეთ მცირე დროში რთულია ყველაფრის გამოსწორება. გუნდში გავიარეთ განვლილი შეხვედრა, ვფიქრობ ყველას გააზრებული აქვს სად გვქონდა პრობლემები და შევეცდებით ყველა ასპექტში უკეთესები ვიყოთ“ – განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ.

1 ივნისის მატჩის შემდეგ ბიჭები დაისვენებენ, 5-იდან 9 ივნისის ჩათვლით დასკვნითი შეკრება გაიმართება, რის შემდეგაც გამოცხადდება სატურნირო რაზმი და გუნდი სამხრეთ აფრიკაში 13 ივნისს გაემგზავრება.


უმცროსი ბორჯღალოსნები | ბოლო ტესტი მსოფლიომდე 2

თბილისი. ავჭალა. 16:00 საათი
საქართველო U20 – ინგლისი U20
საქართველო

ხაზი: 15. ვაჟა მიქაძე (ლელო), 14. ლუკა კობაური (პერპინიანი), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 11. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 3. ლაშა ფხაკაძე (ნევერი), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი ნიკოლაძე (აია), 6. რატი ზაზაძე (ნევერი), 7. ნიკოლოზ საყვარელიძე (ორიაკი), 8. ნიკა ლომიძე (ხარები).

მარქაფა: 16. გიგი ჭუმბურიძე (აია), 17. ლუკა კოტორაშვილი (ხვამლი), 18. დავით მჭედლიშვილი (ლელო), 19. მურთაზ ცხადაძე (არესი), 20. ლუკა სულუაშვილი (ხვამლი); 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 22. გელა ხელაძე (ლელო), 23. დიტო ბერაია (ლელო), 24. საბა არჩვაძე (ლელო), 25. ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი), 26. დავით ბერიძე (ლელო), 27. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 28. ანდრო დვალი (ლელო), 29. დავით ვარდანიძე (აია), 30. დავით მჭედლიძე (ტულონი).

წყარო: rugby.ge

უმცროსი ბორჯღალოსნები | ბოლო ტესტი მსოფლიომდე

სტატიის ავტორი
-