რუსული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანს, თორნიკე შენგელიას თანაგუნდელ მაიკ ჯეიმსთან კონფლიქტი მოუვიდა.
როგორც ცნობილი ხდება, ქართველ ფორვარდსა და ამერიკელ ლეგიონერს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა, თუმცა ეს აშშ-ს მოქალაქისთვის გუნდში ერთადერთი ინციდენტი არ ყოფილა.
“ხელმძღვანელობის მოთმინების ფიალის ბოლო წვეთი იყო ჩხუბი ჯეიმსსა და “არმიელების” კიდევ ერთ ვარსკვლავ ლეგიონერს – თორნიკე შენგელიას შორის. ეს რამდენიმე დღის წინ ვარჯიშზე მოხდა. იმისათვის, რომ გუნდში ატმოსფერო არ განადგურებულიყო, “ცსკა-ს” ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, მაიკი გუნდიდან გამოეყვანა და თანამშრომლობის დასრულების მიზნით მოლაპარაკებები დაეწყო“, – წერს Championat.com-ი.
რუსული კლუბის მმართველებმა მაიკ ჯეიმსი ვარჯიშს ჩამოაშორეს და შესაბამისად, ის ვერც მატჩებში მიიღებს მონაწილეობას.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროლიგის რეგულარული სეზონის მატჩის შემდეგ, სადაც რუსები თურქულ “ფენერბახჩესთან” (83:89) წაგებულ შეხვედრაში, “ცსკა-ს” მცველმა მკვეთრი რეაგირება მოახდინა მთავარი მწვრთნელის დიმიტრის იტუდისის კომენტარზე. ამის შემდეგ, ამერიკელმა დაძაბული საუბარი დაიწყო ზოგიერთ თანაგუნდელთან. “ცსკა-ს” სხვა მოთამაშეთა ჩარევამ ხელი შეუწყო კონფლიქტის განმუხტვას.
რამდენიმე დღით ადრე, ჯეიმსს გამზრდელი ბაბუა გარდაეცვალა. კალათბურთელმა შეერთებულ შტატებში გამგზავრების ნებართვა ვერ მიიღო, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია. “ცსკა-მ” ჯეიმსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ამ კვირაში უნდა მიიღოს.