პარიზის გრანდ სლემი: დღე I – ტატამზე 4 ქართველს ვიხილავთ | პრევიუ

4-5 თებერვალს, 2023 წლის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრი – პარიზის გრანდ სლემი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 12 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

პირველ საშეჯიბრო დღეს მამაკაცებიდან: 60, 66 და 73 კგ, ქალებიდან კი 48, 52, 57 და 63 კგ წონითი კატეგორიები იასპარეზებენ.

4 თებერვალს, ანუ პირველ საშეჯიბრო დღეს, ტატამზე 4 ქართველს ვიხილავთ.


60 კგ

პარიზის გრანდ სლემზე, 60 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას თემურ ნოზაძე დაიცავს.

ნოზაძე D ბადეში განთესილი იქნება და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე, ავსტრალიელი – ჯოშუა კაცი იქნება. ავსტრალიური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი 1/8-ფინალში გავა, სადაც ფრანგ – ტეო რაოლ ჰერბერსა და ეკვადორელ – ხუან აიალას შორის გამარჯვებულს შეხვდება.


66 კგ

66 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს დროშს ქვეშ ბაგრატ ნინიაშვილი იასპარეზებს.

ნინიაშვილი A ბადეში განუთესავია, შესაბამისად ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან იწყებს, სადაც ეკვადორელი მეტოქე – ლენინ პრესიადო ეყოლება.

ეკვადორელი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში მისი მეტოქე, თურქ – იბრაჰიმ დემირელსა და გაერთიანებული საამიროების სახელით მოასპარეზე, წარმოშობით ქართველ – გურამ ძავაშვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ნინიაშვილის ბადეში ასპარეზობს ამ წონითი კატეგორიის ლიდერი, მოლდოველი – დენის ვიერუ.


73 კგ

73 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ამ წონითი კატეგორიის ლიდერი – ლაშა შავდათუაშვილი.

შავდათუაშვილი A ბადეში განთესილი იქნება, შესაბამისად ასპარეზობას მეორე ეტაპიდან დაიწყებს და მისი მეტოქე, დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელ – ანტონიო ტორნალსა და ლიეტუველ – კესტუსის ვიტკაუსკას შორის გამარჯვებული იქნება.

ძუდოს ექსპერტების აზრით, ლაშა შავდათუაშვილს საკმაოდ მარტივი ბადე აქვს და არ უნდა გაუჭირდეს ნახევარფინალამდე მისვლა.


57 კგ

57 კგ წონით კატეგორიაში დებიუტი ექნება – მარიამ ციხელაშვილს. 27 წლის ქართველი A ბადეში განთესილია და ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს, სადაც კუბელი მეტოქე – არნაეს ოდელინ გარსია ჰყავს.

კუბელი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში კი ქართველი ფალავანი, იაპონელ – ჰარუკა ფუნაკუბოს შეხვდება.


წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 11:00, ხოლო ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე დაიწყება.

პარიზის გრანდ სლემი: დღე I – ტატამზე 4 ქართველს ვიხილავთ | პრევიუ

სტატიის ავტორი
-