საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის ისტორიული შანსი აქვს. 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ თამაშში ჩვენი ნაკრები ისლანდიას „თბილისი არენაზე“ 26 თებერვალს, 20:00 საათზე დაუპირისპირდება. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.
ისლანდიას მატჩამდე კი ქართველი კალათბურთელები 23 თებერვალს ნიდერლანდებს ესტუმრებიან და ადგილობრივ ნაკრებთან ითამაშებენ.
ისტორიული და უპრინციპულესი მატჩებისთვის, FIBA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე, საქართველოს ნაკრების 15-კაციანი განაცხადი გამოქვეყნდა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში FIBA-მ გოგა ბითაძეც დაასახელა, თუმცა მის თამაშს უდიდესი ალბათობით ვერ ვიხილავთ. “ინდიანას” დატოვების შემდეგ გაჩნდა შესაძლებლობა, რომ გოგას ნაკრებში ეთამაშა, მაგრამ “ორლანდოში” გადასვლის შედეგად, ბითაძის საქართველოში ჩამოსვლა პრაქტიკულად გამორიცხულია.
შემადგენლობა
- რატი ანდრონიკაშვილი
- გივი ბაქრაძე
- ბექა ბექაური
- მიხეილ ბერიშვილი
- გოგა ბითაძე
- მერაბ ბოქოლიშვილი
- ბექა ბურჯანაძე
- კახაბერ ჯინჭარაძე
- გიორგი კორსანტია
- ილია ლონდარიძე
- თად მაკფადენი
- დუდა სანაძე
- თორნიკე შენგელია
- გიორგი შერმადინი
- გიორგი ცინცაძე
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველ კალათბურთელებს 4 მოგება და ასევე 4 მარცხი აქვთ. სწორედ ასეთივე სტატისტიკა აქვს ისლანდიის ნაკრებს, ხოლო უკრაინის ნაკრების ანგარიშზე კი 3 გამარჯვებაა.
ასევე შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან მხოლოდ 3 გუნდი ხვდება მსოფლიო ჩემპიონატზე, ჩვენი ჯგუფიდან კი იტალიისა და ესპანეთის ნაკრებებს საგზური უკვე განაღდებული აქვთ.