ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დღეს 5 წონაში გათამაშდება მედლები. საქართველოს ნაკრებიდან, დღევანდელ საშეჯიბრო დღეს 5 სპორტსმენი ჭიდაობდა, საიდანაც 4 ფალავანი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. ნუგზარ წურწუმია, ლერი აბულაძე, ლაშა გობაძე და იაკობ ქაჯაია.
55 კგ |
55 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას ნუგზარ წურწუმია იცავს, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.
წურწუმიამ ასპარეზობა 1/4-ფინალიდან დაიწყო, სადაც უკრაინელი მეტოქე სრული უპირატესობით 10:0 დაამარცხა. ნახევარფინალში კი წურწუმიას მეტოქე თურქი – ადემ ბურაკ უზუნი იქნება.
63 კგ |
63 კგ კატეგორიაში საქართველოს დროშის ქვეშ ლერი აბულაძე იბრძვის.
აბულაძემ 1/4-ფინალში თურქი მეტოქე 9:1 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე ბულგარელი – აბუ მუსლიმ აპტიევიჩ ამაევი იქნება.
87 კგ |
87 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების სახელით ლაშა გობაძე ჭიდაობს.
ლაშა გობაძემ 1/4-ფინალში შვედი – ალექს კესსიდისი 6:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე თურქი – ალი ჩენგიზი იქნება.
130 კგ |
რაც შეეხება მძიმე წონას, 130 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების სახელით ასპარეზობს – იაკობ ქაჯაია.
2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანმა – იაკობ ქაჯაიამ, ასპარეზობა 1/8-ფინალიდან დაიწყო, სადაც იტალიელი მეტოქე თანაბარ ბრძოლაში (1:1 – ბოლო მოპოვებული ქულის ხარჯზე) დაამარცხა.
ქართველმა ფალავანმა 1/4-ფინალში უკრაინელი მეტოქე 7:1 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე, აზერბაიჯანელი – საბაჰ სალეჰ შარიატი იქნება.