სერია A-ს გასულ ტურში რასიზმი კიდევ ერთხელ გამოვლინდა. მარიო ბალოტელი იტალიელი ტიფოზების მსხვერპლი გახდა.
“ბრეშას” 29 წლის თავდამსხმელს რასისტული შეურაცხყოფა ამჯერად “ლაციოს” ფანებმა მიაყენეს. მარიომ მე-18 წუთზე რომაელთა კარში გოლის გატანა მოახერხა. გამოძიების თანახმად, აგრესიის პირველი ტალღა გოლიდან მალევე, 21-ე წუთზე დაფიქსირდა, მოგვიანებით კი – განმეორდა.
სერია A-ს დისციპლინარული საბჭოს განცხადებით, რასისტი ფანები იდენტიფიცირებულები არიან, “ლაციო” კი 20 000 ევროთი დაჯარიმდა.
რამდენიმე დღის წინ, მარიო ბალოტელი ინციდენტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: “ლაციოს” ფანებო, რომლებიც დღეს სტადიონზე იყავით, გრცხვენოდეთ.”