ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი დასკვნით ფაზაში შევიდა. დღეს ტურნირის ბოლო საშეჯიბროა დღეა, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 4 სპორტსმენი იასპარეზებს: ბექა ღვინიაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ლევან მატიაშვილი და გურამ თუშიშვილი.
-90 კგ
-90 კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი განთესილი არ იქნება და იგი ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მეტოქეს ისლანდიელი – ეგილ ბლონდალი ეყოლება. გამარჯვების შემთხვევაში ბექა 1/8 ფინალში გავა და იგი პოლონელ – ტომას შეპანიაკსა და რუმინელ – ალექს კრეტს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
-100 კგ
-100 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს საქართველოს ნაკრების კაპიტანი – ვარლამ ლიპარტელიანი. ვარლამი ასპარეზობას 1/16 ფინალიდან იწყებს და მისი მეტოქე ბერძენი – გეორგიოს მარიალოპოულოსი იქნება.
+100 კგ
2 წარმომადგენელი გვეყოლება მძიმე წონაში – გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი. ორივე ქართველი განთესილია, თუმცა ლევან მატიაშვილი ურთულეს ბადეში მოხვდა. პირველივე ეტაპზე მისი მეტოქე ნიდერლანდელი – როი მეიერი იქნება, გამარჯვების შემთხვევაში კი ისრაელის წარმომადგენელ – ორ სასონს დაუპირისპირდება.
გურამ თუშიშვილს კი ბადეში ნამდვილად გაუმართლა და მისი მეტოქე მეორე რაუნდში რუმინელი – ლუკა კუნსზაბო იქნება.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00, ხოლო ფინალური ეტაპები კი 19:00 საათზე დაიწყება.