დღეს როლან გაროსის ძირითადი ბადის წილისყრა გაიმართა.
საფრანგეთის ღია პირველობის ოფიციალური შედეგების მიხედვით, წლევანდელ ტურნირზე გულშემატკივარმა, შესაძლოა, რაფაელ ნადალისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის დაპირისპირება 1/4-ფინალში იხილოს. ლეგენდარული ჩოგბურთელები ბადის ერთ მხარეს მოხვდნენ. ნოვაკი პირველ რაუნდში იოშიტო ნიშიოკას შეხვდება, ხოლო რაფა – ჯორდან თომპსონს. აღსანიშნავია, რომ 1/4-ფინალურ წყვილში გამარჯვებულის პოტენციური მეტოქე კარლოს ალკარასია. 19 წლის ესპანელი ტალანტი 1/64 რაუნდში კვალიფიკანტს დაუპირისპირდება.
რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, ქართველი ჩოგბურთელი მაქსიმ კრესით (63) დაიწყებს. ამერიკელის წინააღმდეგ მსოფლიოს 25-ე ჩოგანს US Open-ზე უთამაშია, სადაც მეტოქე 3 სეტში დაამარცხა. კრესის ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ნიკოლოზი მაკენზი მაკდონალდსა და კვალიფიკანტს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
Roland-Garros men’s singles draw :#RolandGarros pic.twitter.com/0UNzSnEkPR
— Roland-Garros (@rolandgarros) May 19, 2022
როლან გაროსის 2022 წლის გათამაშება სტარტს 22 მაისს აიღებს. შეგახსენებთ, რომ ტურნირის მოქმედი ჩემპიონი მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩია.