ოფიციალურად: ვაკო გვილიამ რაკუვი დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ვაკო გვილია თავისუფალი აგენტი გახდა.

28 წლის ფეხბურთელმა პოლონურ “რაკუვთან” კონტრაქტი მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და კლუბს დაემშვიდობა.

“ვაკო”, მადლობა და წარმატებებს გისურვებთ მომავალ კარიერაში!”, – წერს “რაკუვის” ოფიციალური გვერდი.

ვაკო გვილიამ, რომელმაც ვარშავის “ლეგიასთან” ერთად პოლონეთის ექსტრაკლასას ორჯერ მოგების შემდეგ, 2021 წლის ზაფხულში “რაკუვის” შემადგენლობაში გადაინაცვლა, წელიწადნახევარში ქვეყნის თასი და ვიცე-ჩემპიონის წოდება მოიპოვა.

გვილიას “რაკუვის” შემადგენლობაში 28 ჩატარებულ შეხვედრაში 1 გატანილი გოლი და 1 საგოლე პასი აქვს.

კარიერის განმავლობაში ვაკო გვილიას უკრაინული ზაპოროჟიეს “მეტალურგის”, ბელარუსული ბორისოვოს “ბატეს”, “მინსკის”, შვეიცარიული “ლუცერნის”, პოლონური ზაბრჟეს “გურნიკის” და “ლეგიას” შემადგენლობაში უთამაშია. მას საქართველოს ნაკრებში მის მიერ ჩატარებულ 44 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე პასი გაკეთებული.

ოფიციალურად: ვაკო გვილიამ რაკუვი დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა

სტატიის ავტორი
-