საიუბილეო მატჩი – ჟირუ საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში შესვლასთან ახლოსაა

დღეს საშინაო კედლებში საფრანგეთის ეროვნული ნაკრები უკრაინას მიიღებს. ამხანაგური შეხვედრა მასპინძელთა თავდამსხმელ ოლივიე ჟირუსთვის ისტორიული შესაძლოა გამოდგეს.

34 წლის ჟირუ დღევანდელ დაპირისპირებაში მონაწილეობის მიღების შემდეგ გახდება მე-8 ფეხბურთელი, რომელსაც საფრანგეთის ნაკრების რიგებში 100 მატჩი დაუგროვდება.

აღნიშნული ფაქტის შესახებ “მამლების” მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ისაუბრა და დააანონსა, რომ ჟირუ დღეს ითამაშებს.

“დიახ, ოლივიე უკრაინასთან იქნება და ის  ცენტურიონების პატარა კლუბის წევრი გახდება,” – განაცხადა გამოცდილმა სპეციალისტმა, რომელსაც საფრანგეთის ეროვნულ გუნდის 103 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

“პერსონალურ დონეზე ეს თამაში ჩემთვის განსაკუთრებული იქნება. 100 თამაში – ეს დიდი სიამაყეა.

რაიმე შეზღუდვა არასდროს დამიწესებია და წინ ყოველთვის ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევდი. 100 კარგი რიცხვია, მაგრამ წინ ბევრი ბრწყინვალე წელი მექნება. ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ,” – განაცხადა ჟირუმ.

გარდა ამისა, “ჩელსის” შემტევს დღეს კიდევ ერთი დიდებული შედეგის დაფიქსირება შეუძლია. უკრაინის კარში ბურთის გატანის შემთხვევაში, ჟირუს 41 სანაკრებო გოლი დაუგროვდება, რითაც საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორის მიშელ პლატინის გაუთანაბრდება და მე-2 პოზიციაზე გადაინაცვლებს.

ასევე იხილეთ: უკრაინის ნაკრების კარში შესაძლოა, 45 წლის მეკარეების მწვრთნელი ჩადგეს

საიუბილეო მატჩი – ჟირუ საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში შესვლასთან ახლოსაა

სტატიის ავტორი
-