შენგელიასთან კონფლიქტის გამო, ცსკა კალათბურთელს გუნდიდან უშვებს 

რუსული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანს, თორნიკე შენგელიას თანაგუნდელ მაიკ ჯეიმსთან კონფლიქტი მოუვიდა.

როგორც ცნობილი ხდება, ქართველ ფორვარდსა და ამერიკელ ლეგიონერს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა, თუმცა ეს აშშ-ს მოქალაქისთვის გუნდში ერთადერთი ინციდენტი არ ყოფილა.

ხელმძღვანელობის მოთმინების ფიალის ბოლო წვეთი იყო ჩხუბი ჯეიმსსა და “არმიელების” კიდევ ერთ ვარსკვლავ ლეგიონერს – თორნიკე შენგელიას შორის. ეს რამდენიმე დღის წინ ვარჯიშზე მოხდა. იმისათვის, რომ გუნდში ატმოსფერო არ განადგურებულიყო, “ცსკა-ს” ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, მაიკი გუნდიდან გამოეყვანა და თანამშრომლობის დასრულების მიზნით მოლაპარაკებები დაეწყო“, – წერს Championat.com-ი.

რუსული კლუბის მმართველებმა მაიკ ჯეიმსი ვარჯიშს ჩამოაშორეს და შესაბამისად, ის ვერც მატჩებში მიიღებს მონაწილეობას.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროლიგის რეგულარული სეზონის მატჩის შემდეგ, სადაც რუსები თურქულ “ფენერბახჩესთან” (83:89) წაგებულ შეხვედრაში, “ცსკა-ს” მცველმა მკვეთრი რეაგირება მოახდინა მთავარი მწვრთნელის დიმიტრის იტუდისის კომენტარზე. ამის შემდეგ, ამერიკელმა დაძაბული საუბარი დაიწყო ზოგიერთ თანაგუნდელთან. “ცსკა-ს” სხვა მოთამაშეთა ჩარევამ ხელი შეუწყო კონფლიქტის განმუხტვას.

რამდენიმე დღით ადრე, ჯეიმსს გამზრდელი ბაბუა გარდაეცვალა. კალათბურთელმა შეერთებულ შტატებში გამგზავრების ნებართვა ვერ მიიღო, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია. “ცსკა-მ” ჯეიმსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ამ კვირაში უნდა მიიღოს.

შენგელიასთან კონფლიქტის გამო, ცსკა კალათბურთელს გუნდიდან უშვებს 

სტატიის ავტორი
-