ბუდაპეშტის გრანდ სლემი: დღე I – ტატამზე 3 ქართველი იჭიდავებს | პრევიუ

კარს მოგვადგა ბუდაპეშტის გრანდ სლემი, რომელიც სტარტს 8 ივლისს აიღებს და 10 ივლისს დასრულდება. ბუდაპეშტის გრანდ სლემზე მონაწილეობას 61 ქვეყნის 406 ძიუდოისტი მიიღებს.

8 ივლისს, ბუდაპეშტის გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე აიღებს სტარტს, სადაც საქართველოს დროშის ქვეშ 3 სპორტსმენი იჭიდავებს.


-60 კგ

-60 კგ წონით კატეგორიაში ორი წარმომადგენელი გვეყოლება: მსოფლიოს ჩემპიონი – ლუხუმ ჩხვიმიანი და 2021;2022 წლების თბილისის გრანდ სლემის ჩემპიონი – თემურ ნოზაძე.

ლუხუმ ჩხვიმიანი განთესილი იქნება და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე ისრაელის წარმომადგენელი – ლიორ რაფაილოვი იქნება. გამარჯვების შემთხვევაში, ლუხუმ ჩხვიმიანი მოლდოველ – ალექსანდრუ ტირსინას შეხვდება. ლუხუმ ჩხვიმიანი C ბადეში მიიღებს მონაწილეობას.

ხოლო რაც შეეხება თემურ ნოზაძეს, ლუხუმ ჩხვიმიანის მსგავსად ნოზაძეც განთესილი იქნება და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება. ნოზაძე D ბადეში იჭიდავებს, სადაც იგი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ – დილან მუნროს დაუპირისპირდება. ბრიტანული ბარიერის დაძლევის შემთხვევში კი, ნოზაძის მეტოქე, ჩეხ – დავიდ პულკრაბეკსა და უნგრელ – მარტონ ანდრასს შორის გამარჯვებული იქნება.

იმ შემთხევავაში, თუ ორივე ქართველი ნახევარფინალამდე წარმატებით მივა, ნახევარფინალური ეტაპი სწორედ ქართული იქნება.


-66 კგ

-66 კგ წონით კატეგორიაში ერთადერთი წარმომადგენელი გვეყოლება და ეს ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი და ევროპის ჩემპიონი – ვაჟა მარგველაშვილია.

ვაჟა მარგველაშვილი A ბადეში განთესილი იქნება და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთება, სადაც მისი მეტოქე, პოლონელ – პატრიკ ვავრიჩეკსა და დიდ ბრიტანელ – გრეგ უორის შორის გამარჯვებული იქნება.

ვაჟას საკმაოდ კარგი ბადე აქვს და ექსპერტების აზრით, დიდი შანსია, რომ ქართველმა ევროპის ჩემპიონმა ფინალამდე მარტივად მიაღწიოს.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იაპონელი ოლიმპიური ჩემპიონი – ჰიფუმი აბე, ვაჟა მარგველაშვილს ფინალამდე ვერ შეხვდება.


წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00, ხოლო ფინალური ბლოკი – 19:00 საათზე აიღებს სტარტს.

ბუდაპეშტის გრანდ სლემი: დღე I – ტატამზე 3 ქართველი იჭიდავებს | პრევიუ

სტატიის ავტორი
-