ანტალიის გრანდ სლემი – ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია

31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, თურქეთის ქალაქ ანტალიაში, ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრი – ანტალიის გრანდ სლემი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები 7 სპორტსმენით იასპარეზებს.

რამდენიმე წუთის წინ კი, ანტალიის გრანდ სლემის წილისწყრა გაიმართა, სადაც ქართველი სპორტსმენების მეტოქეები და საშეჯიბრო ბადეები გაირკვა.


60 კგ |

60 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას ლუხუმ ჩხვიმიანი დაიცავს. ჩხვიმიანი განთესილი იქნება და D ბადეში მიიღებს მონაწილეობას.

ქართველი ფალავანი ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც კვიპროსელ – პეტროს კრისტოდოულიდისს შეხვდება.

აღსანიშნავის ის ფაქტი, რომ ჩხვიმიანს ბადეში, წარმოშობით ქართველი, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსმედალოსანი – ლუკა მხეიძე ჰყავს.

73 კგ |

73 კგ წონით კატეგორიაში, 2020 წლის შემდეგ ტატამზე პირველად იასპარეზებს – ლუკა კაპანაძე.

ლუკა კაპანაძე C ბადეში განუთესავია, შესაბამისად ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ერთვება და მას ალბანელი მეტოქე – ინდრიტ კულიაჰი ეყოლება.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლუკას ბადეში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, მონღოლი – ცენდ-ოჩირ ცონგბაატარი ჰყავს, რომელიც ზუსტად 1 კვირის წინ, თბილისის გრანდ სლემზე, ლუკას ძმამ – კოტე კაპანაძემ დაამარცხა.

90 კგ |

90 კგ წონით კატეგორიაში 2 წარმომადგენელი გვეყოლება: ნიკა ხარაზიშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი.

ნიკა ხარაზიშვილი A ბადეში განუთესავია, შესაბამისად შეჯიბრს პირველივე ეტაპიდან იწყებს, სადაც ბრაზილიელ – ჯოვანი ფერეირას დაუპირისპირდება. ბრაზილიელი მეტოქის დამარცხების შემთხევაში კი, ქართველის მეტოქე, ისრაელის წარმომადგენელი – ლი კოჩმანი იქნება.

რაც შეეხება ავთანდილ ჭრიკიშვილს, ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი ტატამზე დიდხნიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. მას საკმაოდ რთული ბადე აქვს. პირველივე ეტაპზე მას საკმაოდ ძლიერი ბელგიელი – სამი ჩოუჩი შეხვდება.

100 კგ |

100 კგ წონით კატეგორიაში ომარ საური იასპარეზებს. ომარი ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან იწყებს, სადაც ბრაზილიელ – ლეონარდო გონსალვეშს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში კი ქართველის მეტოქე, მონღოლი – გონჩიგსურენ მატჰუიაგი იქნება.

+100 კგ |

მამაკაცთა მძიმე წონით კატეგორიაში, საქართველოს დროშის ქვეშ – ლევან მატიაშვილი იასპარეზებს. ლევანი განუთესავი იქნება, შესაბამისად ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან იწყებს, სადაც ალჟირელ – მოჰამედ ელ მეჰდი ლილს დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი მატიაშვილი, ლეგენდარულ ბრაზილიელ – რაფაელ სილვას შეხვდება.

+78 კგ |

+78 კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილი იჭიდავებს. სოფიო D ბადეში განთესილი იქნება და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც ხორვატ – ივანა მარანიჩს დაუპირისპირდება.

ანტალიის გრანდ სლემი – ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია

სტატიის ავტორი
-