დოჰას მასტერსი – დღე II: ოლიმპიური ჩემპიონისა და ახალგაზრდების იმედად (პრევიუ)

11 იანვარს, ყატარის დედაქალაქ დოჰაში, ძიუდოში, 2021 წლის პირველი საერთაშორისო ტურნირი – დოჰას მასტერსი დაიწყო, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 15 სპორტსმენი ასპარეზობს.

პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების სახელით 6 სპორტსმენი ასპარეზობდა, საიდანაც მედლით თავი მხოლოდ -66 კგ წონით კატეგორიაში გამოვიჩინეთ. ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

12 იანვარს კი ყატარის მასტერსზე 3 ქართველი სპორტსმენი წარსდგება: -73 კგ წონით კატეგორიაში – ლაშა შავდათუაშვილი, -81 კგ წონით კატეგორიაში კი – ლუკა მაისურაძე და ტატო გრიგალაშვილი.

-73 კგ

ყატარის მასტერსზე, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ეს წონა ერთადერთია, სადაც მხოლოდ ერთი წარმომადგენელი გვყავს. -73 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებს ოლიმპიური ჩემპიონი – ლაშა შავდათუაშვილი წარმოადგენს, რომელიც B ბადეში მოხვდა და განთესილი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება. ლაშას მეტოქე ისრაელის წარმომადგენელი – ტოჰარ ბუტბული იქნება. თუ ლაშამ შეძლო გამარჯვება, მისი მეტოქე მეორე ეტაპზე მოლდოველ – ვიქტორ სტერპუსა და ტაჯიკ – ბეჰუზი ხოიაზოდას შორის გამარჯვებული იქნება.

-81 კგ

-81 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების სახელით ოქროს მედალს 2 ფალავანი შეუტავს: ლუკა მაისურაძე და ტატო გრიგალაშვილი. ეს ტურნირი ორივესთვის ფრიად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ ორ ძიუდოისტიდან ერთ-ერთი იასპარეზებს 2021 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე. ორივე ქართველი განთესილი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ასპარეზობაში მეორე რაუნდიდან ჩაერთვებიან.

ტატო გრიგალაშვილის მეტოქე უნგრელი – ატილა უნგვარი იქნება, რომელსაც ტატო კარგად იცნობს და ბევრჯერ შეხვედრია. უნგრელი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში, მოქმედი ევროპის ჩემპიონი გრიგალაშვილი, ბრაზილიელ – ედუარდო სანტოსსა და იტალიელ – ანტონიო ესპოსიტოს შორის გამარჯვებული იქნება.

რაც შეეხება ლუკა მაისურაძეს, ლუკაც განთესილია და იგი მეორე რაუნდში წარმოშობით ირანელ, მონღოლეთის სახელით მოასპარეზე მსოფლიო ჩემპიონს – საიდ მოლაის დაუპირისპირდება. ბოლოს საიდ მოლაი და ლუკა მაისურაძე 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შეხვდნენ, სადაც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ლუკა მაისურაძემ დაამარცხა. საიდ მოლაის დამარცხების შემთხვევაში ლუკა მაისურაძე ეგვიპტელ – აბდელრაჰმან მოჰამედსა და წარმოშობით ქართველ, ავსტრალიის სახელით მოასპარეზე – შამილ ბორჩაშვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00, ხოლო ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე დაიწყება.

დოჰას მასტერსი – დღე II: ოლიმპიური ჩემპიონისა და ახალგაზრდების იმედად (პრევიუ)

სტატიის ავტორი
-