ძიუდოს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი – ქართული ფინალი -81 კგ-ში, მარიამ ჭანტურია ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

დღეს, 13 სექტემბერს, თბილისის დროით 12:00 საათზე, ფინეთის ქალაქ ვანტააში სტარტი აიღო ძიუდოს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღემ, სადაც საქართველოს სახელით 3 ძიუდოისტი ასპარეზობს. -81 კგ წონით კატეგორიაში მონაწილეობენ: ვლადიმერ ახალკაცი და ტატო გრიგალაშვილი, ხოლო ქალებში -70 კგ წონით კატეგორიაში მარიამ ჭანტურია.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კაცებში ორივე ქართველი ძიუდოისტი ფინალში გავიდა, ანუ -81 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონობისთვის ორი ქართველი ერთმანეთში იბრძოლებს, ხოლო -70 კგ წონით კატეგორიაში მარიამ ჭანტურია ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

გაგაცნობთ მათ გზას, რომელიც მათ ფინალამდე გაიარეს: -81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთო და უკრაინელ – დმიტრო პლიპენკოს შეხვდა, რომელიც ტატომ მარტივად დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე (1/8 ფინალში) გავიდა. 1/8 ფინალურ ეტაპზე ტატოს მეტოქე ბოსნიელი – ვუკ ელეზი იყო, რომელიც ტატომ კვლავ მარტივად დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც იგი ბრიტანელ – ლაშლან მურჰედს დაეჭიდა. ქართველ ფალავანს კვლავ არ გაჭირვებია და ბრიტანული ბარიერიც მარტივად დაძლია, რითაც ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ნახევარფინალში მისი მეტოქე ლატვიის წარმომადგენელი – ალექსეის ზარუდნევსი გახლდათ. ტატომ ლატვიელი მეტოქეც დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ევროპის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ქართველ – ვლადიმერ ახალკაცს დაუპირისპირდება.

ვლადიმერ ახალკაცმაც ფინალურ ეტაპამდე საკმაოდ მარტივად და აუღელვებლად იასპარეზა. ახალკაცი ასპარეზობაში პირველი ეტაპიდან ჩაერთო, სადაც იგი შვეიცარიელ – სიმონ გაუშჩის დაეჭიდა, რომელიც მან მარტივად დაამარცხა და 1/8 ფინალში გავიდა. 1/8 ფინალში კი მას თურქი – მუჰამედ კოჩი შეხვდა, რომელიც ქართველმა დაამარცხა და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა. 1/4 ფინალში ვლადიმერის მეტოქე რუსი – ნოვრუზ ნოვრუზოვი იყო, რომლის დამარცხებაც ვლადიმერმა 1 წუთში ჯერ ვაზარით, შემდეგ კი იპონით შეძლო და ნახევარფინალში გავიდა. ნახევარფინალში ქართველ ფალავანს სლოვაკი მეტოქე – ალექს ბარტო ხვდა წილად, რომელიც ახალკაცმა დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ქართველი – ტატო გრიგალაშვილი დაუხვდება.

რაც შეეხება მარიამ ჭანტურიას, რომელიც -70 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. მარიამი განთესილი იყო, შესაბამისად ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთო, სადაც მისი მეტოქე ავსტრიელი – ანა-ლენა შიუჩტერი იყო, რომელიც მარიამმა დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც იგი იტალიელ – მარტინა ესპოსიტოს დაეჭიდა. მარიამს იტალიელ მებრძოლთან ბრძოლა გაუჭირდა, საბოლოოდ კი 3 გაფრთხილებით მოახსნევინა ოქროს დროში და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მას ბრიტანელი – კელი პეტერსენ პოლარდი დაუპირისპირდა. მარიამმა ბრიტანელ მეტოქეს ვერ აჯობა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.

 

ძიუდოს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი – ქართული ფინალი -81 კგ-ში, მარიამ ჭანტურია ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

სტატიის ავტორი
-