ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი: დღე III – ტატამზე 5 ქართველი გამოვა | პრევიუ

ხვალ, 1 მაისს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, სტარტს ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღე აიღებს, სადაც საქართველოს დროშის ქვეშ 5 სპორტსმენი იჭიდავებს.

ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებმა ერთი, ოქროს მედლის მოპოვება შეძლო. ოქროს მედალს -81 კგ წონით კატეგორიაში, ტატო გრიგალაშვილი დაეუფლა და 22 წლის ასაკში, ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული მეორედ გახდა.


-90 კგ

-90 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას ლუკა მაისურაძე დაიცავს.

ლუკა A ბადეში განთესილი იქნება და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მას ესტონელი მეტოქე – კლენ კრისტორეფ კანიულაიდი ეყოლება. ესტონური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ლუკა მაისურაძის მეტოქე, მოლდოველ – იური მოკანუსა და სლოვაკ – პეტერ ზილკას შორის გამარჯვებული იქნება.

ლუკა მაისურაძეს ბადეში ძლიერი და გამოცდილი ნიდერლანდელი მეტოქე, ნოელ ვან ტენდი ჰყავს.


-100 კგ

-100 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების სახელით 2 სპორტსმენი იჭიდავებს. ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე, ორივე განთესილები იქნებიან, შესაბამისად ასპარეზობას პირდაპირ 1/8 ფინალიდან დაიწყებენ.

ვარლამ ლიპარტელიანი B ბადეში მიიღებს მონაწილეობას, სადაც მისი მეტოქე, გერმანელ – კარლ-რიჩარდ ფრეისა და დანიელ – მატიას მადსენს შორის გამარჯვებული იქნება. 1/4 ფინალში გასვლის შემთხვევაში კი ვარლამის მეტოქე, სერბი – ალექსანდრ კუკოლი იქნება.

რაც შეეხება ილია სულამანიძეს, ილია მეოთხე ბადეშია განთესილი და მისი მეტოქე, აზერბაიჯანელ – ელმარ გასიმოვსა და ფრანგ – სედრიკ ოლივარს შორის გამარჯვებული იქნება. 1/4 ფინალში გასვლის შემთხვევაში კი ნიდერლანდელ – მიშელ კორელს შეხვდება.


+100 კგ

+100 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრებს გურამ თუშიშვილი გაუძღვება.

თუშიშვილი განთესილია და ეგრევე 1/8 ფინალიდან იწყებს ასპარეზობას, სადაც მისი მეტოქე, გერმანელი – ლოსენი კონე იქნება. 1/4 ფინალში გასვლის შემთხვევაში კი, ნიდერლანდელ – როი მეიერს დაუპირისპირდება.

ძიუდოს ექსპერტების აზრით, +100 კგ წონითი კატეგორიის მთავარი ფავორიტი, სწორედ ქართველი ფალავანი – გურამ თუშიშვილია.


+78 კგ

ქალთა ძიუდოში, მძიმე წონით კატეგორიაში (+78 კგ), საქართველოს ნაკრების ღირსებას – სოფიო სომხიშვილი დაიცავს. სოფიო ასპარეზობას 1/8 ფინალიდან იწყებს, სადაც მისი მეტოქე, ნიდერლანდელი – მარიტ კამპსი იქნება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 11:00, ხოლო ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე დაიწყება.

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი: დღე III – ტატამზე 5 ქართველი გამოვა | პრევიუ

სტატიის ავტორი
-