ევროპული თამაშები: ძიუდო –  დღე III: მძიმე წონაში ქართულ-რუსული ფინალები შედგება!

მინსკის ევროპულ თამაშებზე, დღეს ძიუდოს ბოლო (III) საშეჯიბრო დღეა, სადაც საქმეში მძიმეწონოსნები ჩაერთვნენ. დღეს საქართველოს სახელით ბექა ღვინიაშვილი (-90 კგ); ვარლამ ლიპარტელიანი (-100 კგ)  და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ასპარეზობდნენ.

-90 კგ

-90 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ბექა ღვინიაშვილი ასპარეზობდა. იგი ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთო და მისი მეტოქე ესტონელი – კლენ კრისტოფერ კლიულაიდი იყო. ბექამ მარტივად გაიარა ესტონური ბარიერი და შემდეგ მესამე ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე რუსი – ჰუსენ ხალმურზაევი იყო. სამწუხაროდ ბექა რუსთან ბრძოლაში დამარცხდა და ევროპულ თამაშებს ნაადრევად დაემშვიდობა.

აქვე გეტყვით, რომ მსოფლიო ჩემპიონი – ნიკოლოზ შერაზადიშვილი ნაადრევად და სენსაციურად გამოეთიშა ასპარეზობას.

-100 კგ

-100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ძალიან დამაჯერებლად ასპარეზობს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი – ვარლამ ლიპარტელიანი, რომელმაც ასპარეზობა მეორე ეტაპიდან დაიწყო. მისი თავდაპირველი მეტოქე ბელორუსი – მიკიტა სვირიდი იყო. ვარლამმა მარტივად დაამარცხა ბელორუსი მეტოქე და მესამე ეტაპზე გავიდა, სადაც მას მონტენეგროელი – დანილო პანტიჩი შეხვდა. ვარლამმა კვლავ მარტივად გაიარა ეს ეტაპიც და 1/2 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ფრანგი – კირილ მარეტი იყო. ლიპომ ფრანგიც დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე რუსი – არმან ადამიანი იქნება.

+100 კგ

ყველაზე მძიმე წონაში საქართველოს ნაკრების ღირსებას მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი – გურამ თუშიშვილი იცავს. იგი მეორე ეტაპზე რუმინელ – ვლადუტ სიმიონესკუს დაუპირისპირდა. თუშიშვილმა მარტივად დაამარცხა რუმინელი მეტოქე და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე, პოლონელი – მაციე სარნაცხკი იყო. გურამმა პოლონური ბარიერიც მარტივად დაძლია და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, სადაც მას ჰოლანდიელი – ჰენკ გროლი დაუპირისპირდა. რა თქმა უნდა არავის გაუკვირდა, რომ ქართველმა ფალავანმა ძალიან მარტივად ჩაატარა ყველა ბრძოლა და იოლად შეძლო ფინალში გასვლა. გურამის მეტოქე ფინალში, რუსი – ინალ ტასოევი იქნება.

ფინალური ბლოკი სტარტს თბილისის დროით 18:00 საათზე აიღებს.

ევროპული თამაშები: ძიუდო – დღე III: მძიმე წონაში ქართულ-რუსული ფინალები შედგება!

სტატიის ავტორი
-