ნაცუ ბაშო – წინათქმის 31 წუთი

მიუხედავად იმისა, რომ სტატიის ავტორი ამ სტრიქონების წერისას ფიორენტინა – მილანის მატჩს უყურებს და ამჟამად გასაჭირში ჩავარდნილი გუნდის მატჩებზე გულისფანცქალის მე-18 წელს ითვლის, არის რაღაცეები რაც შეიძლება “არტემიო ფრანკიზე” მიმდინარე მატჩზე მნიშვნელოვანიცაა, ასე რომ მოდით პირდაპირ სათქმელს შევეხოთ – სათქმელი კი სწორედ ის ბაშოა, რომელიც ასე მნიშვნელოვანია და რომელიც ხვალ აიღებს სტარტს.

ტოჩინოშინი ჩვენებურად კი ლევან გორგაძე უკვე ვინ იცის მერამდენეჯერ შედგამს თიხის დოჰიოზე ფეხს, ფეხს რომელმაც ასე გააწამა, ფეხს რომელიც ხელშეწყობის მაგივრად ხშირად უშლიდა კიდეც ქართველ რიკიშს. მაგრამ ახლა წუწუნის დრო აღარაა, კვირა დილიდან ყველანი უნდა დავირაზმოთ ჩვენს ეკრანებთან და ერთად ვუგულშემატკივროთ ლევანს, რაღა თქმა უნდა Live.ge-ს ფეისბუქ გვერდზე და ტრადიციულად დილის 11 საათიდან.

ლევანი გამოუცნობი ფენომენია, მას შეუძლია სახელგანთქმული იოკოძუნები თვეების ჩვილივით ხელში აყვანილი გაიყვანოს ტავარას მიღმა და მეორე დღეს ნაკლებად ცნობილ რიკიშთან განიცადოს მარცხი, არასტაბილურობის მიზეზებთან როდესაც გავიკაფავთ გზას კვლავაც ფეხის ტრავმა აღიმართება ხოლმე წინ, აღიმართება ისე, როგორც მალდინი-ბარეზისა და მალდინი-ნესტას წყვილი აისვეტებოდა ხოლმე თავის დროზე ევროპული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების წინ, თუმცა დღეს მალდინიც, ნესტაც და ბარეზიც წარსულია, ვისთვის მწარე, ვისთვის კი ტკბილი წარსული. უკანასკნელი ინფორმაციით წარსულია ლევანის ფეხის ტრავმაც რომელიც მან შარშან მიიღო, და დიახ ეს მწარე, მაგრამ გასათვალისწინებელი წარსულია. წინ კი ახლადაშენებული დოჰიო, დამშეული მეტოქეები და მონდომებული გულშემატკივრები არიან. სწორედ ამ დოჰიოზე ამ მეტოქეების პირისპირ და ამ გულშემატკივრების თვალწინ უნდა მოიპოვოს ლევანმა ის 10 გამარჯვება, ასე რომ გვჭირდება მთელ ერს სიხარულისთვის და ოძეკის სტატუსის დასაბრუნებლად.

ტოჩის ასაკი მისთვის უპირატესობაა, თუმცა ამ ასაკიდანვე გამომდინარე ეს უპირატესობა მან ძალიან სწრაფად უნდა გარდასახოს შედეგში, შედეგში რომელიც ერთხელ უკვე განვიცადეთ და არც მეორედ განცდაზე ვიტყვით უარს. სიმბოლური იქნება თუ ტოჩი ამ ბაშოზე შეასრულებს ნორმატივს და ივლისში კვლავ ოძეკად დაგვიბრუნდება, შარშანაც ხომ სწორედ მაისში მოპოვებული 13 გამარჯვებით გაინაღდა ოძეკის საპატიო წოდება.

ამ ბაშოზე არ იქნება ჰაკუჰო, რომელიც სუმოს ათასწლოვანი ისტორიის მანძილზე ერთი თავით აღემატება ყველა სხვა დანარჩენ რიკიშს რომელსაც აქამდე უასპარეზია, ეს ცუდია სანახაობის თვალსაზრისით მაგრამ ჩავთვალოთ რომ კიდევ ერთი მონეტაა ჩვენს ყულაბაში.

რამოდენიმე საათის წინ რეპორტაჟისთვის საჭირო მასალების მომზადებისას კიდევ ერთხელ დავაკვირდი ტოჩის გასწვრივ დაწერილ სეკივაკეს და მივხვდი რომ ეს აუცილებლად უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს, უბრალოდ არ უხდება, მით უმეტეს რომ საწყისი მეტოქეები ისეთია, რომ თითქოს რიხით დაწყება არ უნდა გაგვიჭირდეს.

ხვალვე ტრადიციულად პირველს გაგამარუს ვიხილავთ დოჰიოზე, რომელიც ჯურიოს მეშვიდე ნომერია და ისევე როგორც ტოჩის მასაც არ უხდება ეს წოდება, გაგა მაკუუჩი დივიზიონში უნდა იყოს, ამისთვის მან უკვე დაიწყო საჭირო ნაბიჯების გადადგმა და ვიმედოვნოთ რომ მაისის ბაშოც კიდევ ერთი მეტრი იქნება ამ გზაზე.

დილიდან დაიწყება მობილიზება ოფისში, ვიდეოების დამზადება, ფოტოების შექმნა, ხმის გასწორება, რეპორტაჟის კარგ ხარისხზე ზრუნვა, ბევრი ნერვიულობა, ცოტა ხუმრობა. ტელევიზორში საკუთარი თავის ყურება, იმის იმედით რომ რეჟისორი სწრაფად დააბრუნებს დოჰიოს კადრს და მეც სრულფასოვნად ვინერვიულებ. ვინერვიულებ იმის იმედით რომ სიხარულის ყიჟინა მაისის მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 15 დღეს დაამშვენებს, ეს კი რეალურია ტოჩისთვის ხომ შეუძლებელი ჰაკუჰოს დამარცხებაც არაა.

ამასობაში ფლორენციაში 31-ე წუთი მიმდინარეობს რაც იმის მანიშნებელია რომ ჩანაფიქრის გასაზიარებლად ზუსტად 31 წუთი დამჭირდა. ანგარიში კი კვლავ 0:0-ია, დროა მატჩს დავუბრუნდე, და ჯერ კიდევ მბჟუტავ ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვუგულშემატკივრო. ხვალიდან კი სრული შემართებით ჩავერთო ქართულ – იაპონური ურთიერთობების დაბალანსებაში.

ნაცუ ბაშო – წინათქმის 31 წუთი

სტატიის ავტორი
-