როგორც ყოველთვის – ტედი რინერი მონრეალის გრან პრის გამარჯვებულია!

რამდენიმე წუთის წინ კანადაში დასრულდა მონრეალის გრან პრი, რომელიც მეტად საინტერესო და დაძაბული ტურნირი გახლდათ, რადგან მსოფლიო ძიუდოს ვარსკვლავი და ყველა დროის საუკეთესო ძიუდოისტი – ტედი რინერი და იაპონური შემადგენლობა დაუბრუნდნენ ტატამს.

+100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ახლადდაბრუნებულმა ტედი რინერმა დაბრუნებისთანავე ოქროს მედალი მოიპოვა.

ფრანგი ფალავანი ბრძოლაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთო და მისი მეტოქე ამერიკელი – აიაქს ტადეჰარა იყო, რომელიც რინერმა წუთსა და 8 წამში ძალიან მარტივად დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე რუმინელი – ვლადუტ სიმიონესკუ იყო. ტედიმ ზედმეტი ძალის დახარჯვის გარეშე მოახერხა რუმინული ბარიერის დაძლევა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე უძლიერესი ჩეხი – ლუკაშ კრპალეკი იყო. ძალიან დაძაბულ ბრძოლაში ფრანგმა ოქროს დროში გაიმარჯვა და ფინალში გავიდა, სადაც მას იაპონელი – ჰისაიროში ჰარასავა დაუხვდა. ორი ტიტანის ბრძოლაში გამარჯვებული ფრანგი ლეგენდა – ტედი რინერი დარჩა და მან ტატამზე დაბრუნება ოქროს მედლით აღნიშნა.

შეგახსენებთ, რომ ტედი რინერი ბოლოს 2010 წელს დამარცხდა.

როგორც ყოველთვის – ტედი რინერი მონრეალის გრან პრის გამარჯვებულია!

სტატიის ავტორი
-