5 ოქრო და სრული ტრიუმფი ნოვი სადში – საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი გუნდური პირველი ადგილით დაასრულა! (ვიდეო)

სერბულ ნოვი სადში სრული ტრიუმფით დაასრულა 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა. ჩვენმა ბიჭებმა  10 წონიდან 5 ოქროს მედალი მოიპვეს რასაც თითო ვერცხლი-ბრინჯაო მიამატეს და გუნდური პირველი ადგილი დიდი უპირატესობით მოიპოვეს.

55 კგ. წონით კატეგორიაში ნუგზარ წურწუმიამ მთავარი ფავორიტის სახელი გაამართლა და ჩემპიონი შეგვიძლია ვთქვათ რომ უპრობლემოდ გახდა. დიდებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ბრინჯაოსმედალოსანმა ჩემპიონატი კვალიფიკაციიდან დაიწყო და აზერბაიჯანელ ზიად ზეინალოვს 5-2 სძლია, მეოთხედფინალში კი უკრაინელი ვლადისლავ კოროსტელოვი დიდი უპირატესობით 9-0 დაამარცხა, ნახევარფინალში ნუგზარმა რუსი ვიქტორ ვედერნიკოვი არ დაინდო და 11-2 გაანადგურა, ფინალში კი რუმინელი ფლორინ ტიტა ასევე დიდი უპირატესობით 9-0 დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

60 კგ. წონით კატეგორიაში ირაკლი ძიმისტარიშვილი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში რუს სადიკ ლალაევთან 9-0 დამარცხდა.

63 კგ. წონით კატეგორიაში ჩემპიონი ლევან ქავჟარაძე გახდა. მერვედფინალში ლევანმა ბულგარელ ნიკალას პეტროვ სულევს 8-0 სძლია, მეოთხედფინალში კი ამავე ანგარიშით პოლონელი ცეზარი ბარტოშ ნოვაკი დაამარცხა, ნახევარფინალში ქავჟარაძემ უნგრელ ერიკ ტორბას 7-2 სძლია. ფინალში ჩვენი მეტოქე სომეხი სლავიკ გალსტიანი იყო რომელთანაც გამართული ფინალი ძალიან დაძაბული  აღმოჩნდა და საბოლოოდ ლევანის გამარჯვებით 10-8 დასრულდა.

 

67 კგ. წონით კატეგორიაში მოლდოველ ვალენტინ პეტიჩთან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში 4-0 დამარცხდა გიორგი კურტანიძე.

72 კგ. წონით კატეგორიაში კიდევ ერთი ოქროს რამაზ ზოიძემ მოიპოვა. რამაზმა საჩემპიონო გზაზე მთავარი კონკურენტი თურქი ჩენგიზ არსლანი (7-5), სომეხი ჰრანტ კალაჩიანი (9-0) ნორვეგიელი ხუან სებასტიან ააკი (12-4) დაამარცხა. ფინალში კი რუსი მაგომედ იარბილოვი (7-1) იმსხვერპლა.

77 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი ბექა მამუკაშვილმა მოიპოვა, რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელი ნასირ ჰასანოვი (3-0) დაამარცხა.

82 კგ. წონით კატეგორიაში საწყის ეტაპზევე დამარცხდა აივენგო რიკაძე.

87 კგ. წონით კატეგორიაში გურამ ხეცურიანმა ჩემპიონობა არავის დაუთმო. გურამმა უკრაინელი სემიონ ნოვიკოვი (3-1), თურქი ალი ჩენგიზი (11-4) და ლიტველი მარტინას ნემსევიჩუსი (4-0) დაამარცხა. ფინალში კი რუსი გაზი ხალილოვი (5-1) გაანადგურა და ნოვი სადში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.

97 კგ. წონით კატეგორიაში ფინალში დამარცხდა გიორგი მელია, ბერძენი მიხაილ იოსიფიდისის, უკრაინელი ვლადენ კოზლიუკის და აზერბაიჯანელი არიფ ნიფტულაიევის ძლევის შემდეგ იგი ფინალში ფინელი არვი მარტინ სავოლაინენთან დამარცხდა.

130 კგ. წონით კატეგორიაში მორიგი ჩემპიონობა მოიპოვა ზვიად პატარიძემ. ზვიადმა საწყის ეტაპზე თურქი ოსმან ილდიმირი ბეჭებზე გააკრა, შემდეგ კი სომეხი დავიდ ოვასაპიანი 4-0 დაამარცხა. ნახევარფინალში პატარიძემ ესტონელი არტურ ვიტიტინი იმსხვერპლა (9-0). პრობლემა მას არც ფინალში შეჰქმნია სადაც რუმინელი ლენარდ იშტვან ბერეი 5-0 დაამარცხა და თავის მრავალფეროვან მედლებს კიდევ ერთი ოქრო შემატა.

8 მარტს ასპარეზობას თავისუფალი სტილით მოჭიდავეები შეუდგებიან.

სტატიის ავტორი
-