ევროპული თამაშები: ძიუდო –  3 ბრინჯაოს და 1 ოქროს შანსი

დღეს სტარტი აიღო მინსკის ევროპულმა თამაშებმა, სადაც ძიუდოში საქართველოს სახელით 5 სპორტსმენი ასპარეზობდა. ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი (-60 კგ); ვაჟა მარგველაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი (-66 კგ); ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ). 

ქართველმა ძიუდოისტებმა ძალიან კარგად დაიწყეს ასპარეზობა. პირველი ბარიერი ყველამ გადალახა. დავიწყოთ თითოეული წონის განხილვა:

-60 კგ

როგორც უკვე აღვნიშნეთ, -60 კგ-ში საქართველოს ნაკრების ღირსებას ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი იცავდნენ. ამირან პაპინაშვილმა ასპარეზობა მეორე ეტაპიდან დაიწყო და პირველივე შეხვედრაში მისი მეტოქე ებრაელი – დანიელ ბენ დევიდი იყო. ამირანმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და მესამე ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე ფრანგი – ვალიდე ხიარი იყო. სამწუხაროდ, ამირანმა ფრანგული ბარიერი ვერ დაძლია და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც იგი წარმოშობით ქართველს, ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე – თორნიკე ჭკადუას დაუპირისპირდა და გაიმარჯვა. ამ გამარჯვებით ამირან პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ასპარეზობა მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე გერმანელი – მორიტზ პლაფკი იქნება.

რაც შეეხება ლუხუმ ჩხვიმიანს. ლუხუმ ჩხვიმიანმა ასპარეზობა კარგად დაიწყო. იგი ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთო და მისი მეტოქე თურქი – მიჰრაჩ აკკუსი იყო, რომელიც მარტივად დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. მესამე ეტაპზე მას წარმოშობით ქართველი, ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე – თორნიკე ჭკადუას დაუპირისპირდა და გაიმარჯვა, რის შემდეგაც მინსკის ევროპული თამაშების 1/2 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ფრანგი – ვალიდე ხიარი იყო. ლუხუმმა ძალიან მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვა და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ესპანელი – ფრანცისკო გარიგოსი იქნება.

-66 კგ

-66 კილოგრამ კატეგორიაში ასპარეზობს ამ წონის პირველი ნომერი – ვაჟა მარგველაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი. ვაჟა მარგველაშვილი ამართლებს წონის პირველ ნომერს და ძალიან წარმატებით მიიწევს წინ. იგი მეორე ეტაპიდან ჩაერთო ასპარეზობაში და მისი მეტოქე სერბი – სტრაჰინია ბუნჩიჩი იყო, რომელიც ვაჟამ მარტივად დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მას მოლდოველი – ვადიმ ბიუნესკუ შეხვდა. ვაჟამ მოლდოველიც მარტივად დაამარცხა და შემდეგ, 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ჩეხი – პაველ პეტრიკოვი იყო. ვაჟამ კვლავ ძალიან მარტივად იმარჯვა იპონით და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე იტალიელი – მატეო მედვესი იყო. სამწუხაროდ ვაჟა მარგველაშვილი დამარცხდა  და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს, სადაც იგი მოლდოველ – დენის ვიერუს დაუპირისპირდება.  

რაც შეეხება ბაგრატ ნინიაშვილს, ბაგრატიც ვაჟას მსგავსად მეორე ეტაპიდან ჩაერთო ასპარეზობაში და მას მეორე ეტაპზე ფრანგი – კილიან ლე ბლუჩი შეხვდა. ბაგრატმა ფრანგი მეტოქე მარტივად 2 ვაზარით დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე ესპანელი – ალბერტო გაიტერო მარტინი იყო. ბაგრატმა ესპანური ბარიერიც დაძლია და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე მოლდოველი – დენის ვიერუ იყო. ბაგრატმა დენის ვიერუც დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე, წარმოშობით ქართველი, უკრაინის სახელით მოასპარეზე – გიორგი ზანთარაია იყო. სამწუხაროდ ნახევარფინალში ბაგრატ ნინიაშვილიც დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში იგი ჩეხ – პაველ პეტრიკოვს დაუპირისპირდება.

-57 კგ (ქალები)

ქალებში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს, მინსკის ევროპულ თამაშებზე მხოლდო ერთი წარმომადგენელი ჰყავს – ეთერ ლიპარტელიანი. ეთერი პირველივე ეტაპიდან ჩაერთო ასპარეზობაში და მან აზერბაიჯანელი –  იჩინხორლოო მუნხცედევი დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც იგი რუს – დარია მეჟეცკაიას დაუპირისპირდა. სამწუხაროდ ეთერიმ დათმო რუს ძიუდოისტთან ბრძოლა და მინსკის ევროპულ თამაშებს მალევე გამოეთიშა.

ევროპული თამაშები: ძიუდო – 3 ბრინჯაოს და 1 ოქროს შანსი

სტატიის ავტორი
-