ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, გარი ლინეკერმა, შვედეთისა და სლოვაკეთის შეხვედრის შემდეგ, ალექსანდრ ისაკი შეაქო: ,,ვფიქრობ, ორი აზრი არ არსებობს იმის შესახებ, რომ ალექსანდრ ისაკი ევროპული გუნდების დიდ ყურადღებას მიიქცევს. განსაკუთრებული ტალანტია,” – დაწერა ინგლისელმა ტვიტერის პირად გვერდზე.
ლინეკერის პოსტის შესახებ აზრი თავად ფეხბურთელს ჰკითხეს, როგორც აღმოჩნდა, ისაკმა ინგლისის ნაკრების ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირის შესახებ ბევრი არაფერი იცოდა:
ისაკი – მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი. ის ძველი ფეხბურთელია, რომელიც ახლა სტუდიაში მუშაობს?
ჟურნალისტი – ლინეკერი 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირია…
ისაკი – მაშინ დაბადებული არ ვიყავი, მაგრამ მასზე ცოტა რამ ვიცი…
ისაკის პრესკონფერენციის ნახვის შემდეგ, ფეხბურთელის კომენტარს თავად ლინეკერი და მაიკა რიჩარდსი გამოეხმაურნენ:
რიჩარდსი – ისაკმა შენზე ისაუბრა, არა?
ლინეკერი – მე მასზე მართლა ძალიან კარგი რამ ვთქვი… ძველი ფეხბურთელი სტუდიაში? არ ვიცი რა უნდა ვქნა…
რიჩარდსი – როგორი გრძნობაა, როცა ვერავინ გცნობს?! ახლა იცი, რასაც ვგრძნობ!
ლინეკერი – ასეა!
გარი ლინეკერი კარიერის განმავლობაში ,,ლესტერში”, ,,ევერტონში”, ,,ბარსელონაში”, ,,ტოტენჰემსა” და ,,ნაგოიაში” თამაშობდა. ყოფილი თავდამსხმელი 48 გოლით ინგლისის ეროვნული ნაკრების ბომბარდირებს შორის მესამე ადგილს იკავებს.