კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით 16-წლამდელთა ჩელენჯერის ტიპის ტურნირი ჩატარდა.
ტურნირში საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმაც მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც საკმაოდ კარგი შედეგი დააფიქსირეს.
ჯგუფურ ეტაპზე, ჩვენი გუნდი 4 ნაკრებით დაკომპლექტებულ ჯგუფში, 2 მოგებითა და 1 მარცხით პირველ ადგილზე გავიდა.
პირველ თამაშში ქართველი კალათბურთელები სლოვაკებთან 1-ქულის სხვაობით, ანგარიშით 76:77, დამარცხდნენ – შეხვედრის კულმინაცია მატჩის დასრულებამდე 9 წამით ადრე შედგა, როდესაც სლოვაკებმა დასკვნითი 3-ქულიანის რეალიზების შედეგად გაიმარჯვეს.
![საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების წარმატება | ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ლუკა ალავიძე დასახელდა 1 საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების წარმატება | ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ლუკა ალავიძე დასახელდა 1](https://www.live.ge/wp-content/uploads/2021/08/luka-alavidze-748x421.jpg)
ლუკა ალავიძე უნგრეთის წინააღმდეგ – 24 ქულა, 7 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 5 ჩაჭრა და 1 ბლოკი.
მეორე და მესამე შეხვედრაში კი ჩვენმა 16-წლამდელთა ნაკრებმა დამაჯერებლად იასპარეზა – ორივე შეხვედრა 10 ქულით მოიგეს, ჯერ კვიპროსი დაამარცხეს (76:86), შემდეგ კი უნგრელები (51:61).
ქართველი კალათბურთელები ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე უკრაინის ეროვნულ ნაკრებს 20-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით 82:62 სძლიეს.
რაც შეეხება ფინალს, ჩვენი ახალიგაზრდული ნაკრების მეტოქე უნგრეთის ეროვნული ნაკრები იყო, რომელთანაც დაძაბულ შეხვედრაში, მხოლოდ 3-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით – 75:72, დავმარცხდით.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ლუკა ალავიძე დასახელდა, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად საოცარი თამაშები ჩაატარა და დამსახურებული პრიზიც მიიღო.
![საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების წარმატება | ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ლუკა ალავიძე დასახელდა 2 საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების წარმატება | ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ლუკა ალავიძე დასახელდა 2](https://www.live.ge/wp-content/uploads/2021/08/image-1-2-748x421.jpg)
ტურნირის საუკეთესო მოთამაშე – ლუკა ალავიძე.
ამრიგად, საქართველოს 16-წლამდელთა ეროვნულმა ნაკრებმა კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ ჩელენჯერის ტიპის ტურნირზე, საპატიო მეორე ადგილი მოიპოვა.