ლეივერის თასის (Laver Cup) 2022 წლის გათამაშება, რომელსაც The O2 Arena-მ (ლონდონი) უმასპინძლა, მსოფლიოს გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 13:8 დასრულდა (გაიმარჯვებდა ის გუნდი, რომელიც 13 ქულას პირველი მიაღწევდა).
მსოფლიომ ევროპას ლეივერის თასის 5-წლიან ისტორიაში პირველად მოუგო. გადამწყვეტი სტეფანოს ციციპასისა და ფრანსის ტიაფოს შეხვედრა გამოდგა, რომელშიც ამერიკელმა სამ სეტში, 1:6, 7:6, 10:8 იმარჯვა.
თამაშამდე მსოფლიოს გუნდი 10:8-ს იგებდა, დღევანდელ დღეს მოგება კი 3 ქულით ფასობდა (პირველ დღეს – 1 ქულით, მეორე დღეს – 2 ქულით), შესაბამისად, ტიაფომ 13:8 გახადა და მსოფლიოს პირველი გამარჯვება მოუტანა. დღეს იყო ჩანიშნული კასპერ რუდისა და ტეილორ ფრიცის მატჩიც, რომლის ჩატარებამაც აზრი დაკარგა და გაუქმდა.
საინტერესოა, რომ შარშან ევროპის გუნდმა მეტოქე 14:1 გაანადგურა.
Laver Cup-ზე კარიერის უკანასკნელი მატჩი ჩაატარა როჯერ ფედერერმა, რომელმაც რაფაელ ნადალთან წყვილში ჯეკ სოკისა და ფრენსის ტიაფოს წინააღმდეგ ითამაშა.
ლეივერის თასის მონაწილეები:
ევროპა – კასპერ რუდი, რაფაელ ნადალი, სტეფანოს ციციპასი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, როჯერ ფედერერი, ენდი მარი, მატეო ბერეტინი, კამერონ ნორი.
მსოფლიო – ტეილორ ფრიცი, ფელიქს ოჟე-ალიასიმი, დიეგო შვარცმანი, ფრენსის ტიაფო, ალექს დე მინორი, ჯეკ სოკი, ტომი პოლი.