ავსტრიის ჩემპიონატის გასული სეზონის გალა-დაჯილდოებაზე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,კრემონეზეს” მცველი, ლუკა ლოჩოშვილი, ვენის ,,აუსტრიას” ფეხბურთელის – გეორგ ტაიგლის გადარჩენისთვის დააჯილდოვეს.
ტაიგლმა მძიმე დაზიანება ,,ვოლფსბერგერისა” (ლოჩოშვილის ყოფილი გუნდი) და ,,აუსტრიას” მატჩის მიწურულს მიიღო. ავსტრიელს პირველადი დახმარება სწორედ ლოჩოშვილმა აღმოუჩინა.
ქართველ ფეხბურთელს ,,წლის ემოციის” ჯილდო გადაეცა: ,,ამ პრიზის მიღებით ბედნიერი ვარ, მაგრამ კიდევ უფრო ბედნიერი ვარ იმით, რომ გეორგი კარგად არის და ჩემი ჩარევა მისი სიცოცხლის გადასარჩენად უმნიშვნელოვანესი იყო,” – განაცხადა ლოჩოშვილმა.
ლუკა ლოჩოშვილი ზაფხულში ,,ვოლფსბერგერიდან” ,,კრემონეზეში” გადავიდა და სერია A-ს მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ძირითად შემადგენლობაში ჩაატარა.