თანამედროვე ფეხბურთში, პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო ფილოსოფიის აქტიურად დანერგვამ ნახევარმცველების და შესაბამისად პასების მნიშვნელობა ორმაგად გაზარდა. ამ პოზიციის ფეხბურთელთა ერთ-ერთ უმთავრეს საქმესაც ხომ თავდამსხმელების საგოლე გადაცემებით მომარაგება წარმოადგენს.
ბოლო წლებში, ბევრ ისეთი ფეხბურთელი გავიცანით და შევიყვარეთ, ვინც თავისი მაგიური პასის ხელოვნებით და საგოლე მომენტის შექმნის ოსტატობით მოგვხიბლა. მესუთ იოზილი, კევინ დე ბრუინე, ჩავი, ანდრეს ინიესტა და სხვები, თანამედროვე ფეხბურთის განუყოფელი ნაწილები გახდნენ. მოდით 21-ე საუკუნის საუკეთესოს ასისტენტებს და მათ სტატისტიკურ მონაცემებს გავეცნოთ.
25. ქარიმ ბენზემა
მატჩი: 740
საგოლე გადაცემა: 146
თავდამსხმელი, რომელსაც ყველაფრის გაკეთება შეუძლია. გარდა იმისა, რომ ბენზემა მადრიდის “რეალის” ისტორიაში ხუთ საუკეთესო ბომბარდირ შორისაა, მას ამ ტიტულის საუკეთესო მფლობელის, კრიშტიანუ რონალდუს წარმატებაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის.
24. დევიდ ბექჰემი
მატჩი: 581
საგოლე გადაცემა: 176
მისი მარჯვენა ფეხი მეტოქეებისთვის მომაკვდინებელი იყო. შედეგიანობის თვალსაზრისით, მისი საუკეთესო სეზონი 1999/2000 წლები გამოდგა, როცა “მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურით, პრემიერლიგაში 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.
23. ჰალკი
მატჩი: 601
საგოლე გადაცემა: 178
ყველგან, სადაც ფიზიკურად ძლიერმა ბრაზილიელმა ითამაშა, თავისი კვალი დატოვა. 2015/16 წლების სეზონში, რუსეთის ლიგის 29 მატჩში მან “ზენიტის” ფეხბურთელებს გოლი 19-ჯერ გაატანინა. მისი შესაძლებლობების ფონზე, სამწუხაროა, რომ ჰალკმა, საკუთარი გადაწყვეტილებით, კარიერის დიდი ნაწილი ტოპ ჩემპიონატებში არ გაატარა.
22. უეინ რუნი
მატჩი: 862
საგოლე გადაცემა: 179
ბენზემას მსგავსად, რუნიც სრულყოფილი თავდამსხმელის განსაზღვრებაა. გარდა იმისა, რომ ინგლისელი პრემიერლიგის ისტორიაში მეორე საუკეთესო ბომბარდირია, ის საგოლე გადაცემების მანქანაც გახლავთ და 2007/08 წლების სეზონში თანაგუნდელებს 13-ჯერ დაეხმარა.
21. ედენ აზარი
მატჩი: 675
საგოლე გადაცემა: 181
შემოქმედი გენიოსი. 2011/12 წლების სეზონში, “ლილში” ყოფნისას, მან 20 გოლს 18 შედეგიანი პასიც დაუმატა.
20. ანდრეს ინიესტა
მატჩი: 849
საგოლე გადაცემა: 182
ინიესტას თამაში ბევრად მეტი იყო, ვიდრე გოლები და საგოლე გადაცემები, თუმცა ყველა დროის ერთ-ერთმა უტიტულოვანესმა ნახევარმცველი შედეგიანობის კუთხითაც მოწინავეთა შორისაა.
19. დუშან ტადიჩი
მატჩი: 587
საგოლე გადაცემა: 185
სერბმა ფორვარდმა, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად პროგრესირებს, წინა სეზონში, “აიაქსის” მაისურით ერედივიზიონში მხოლოდ 25 მატჩი ჩაატარა, თუმცა ეს 15 საგოლე პასის გასაკეთებლად სავსებით საკმარისი აღმოჩნდა.
18. დრის მერტენსი
მატჩი: 691
საგოლე გადაცემა: 188
თანამედროვე ეპოქის ერთ – ერთი ყველაზე დაუფასებელი შემტევი. მრავალფეროვანმა თავდამსხმელმა ზედიზედ ოთხ სეზონში 10-ზე მეტი საგოლე პასი გაიფორმა.
17. ტიერი ანრი
მატჩი: 716
საგოლე გადაცემა: 190
ფრანგი ლეგენდა უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ცივსისხლიანი ბომბარდირი. 2002/03 წლების სეზონში დაგროვებული 20 საგოლე გადაცემა დღესაც პრემიერლიგის რეკორდია.
16. ნეიმარი
მატჩი: 501
საგოლე გადაცემა: 190
ბრაზილიელი ერთ მატჩში საშუალოდ 0.38 საგოლე გადაცემას აკეთებს, რაც ამ სიაში მყოფ ფეხბურთელებს შორის მეორე შედეგია. “ბარსელონაში” მიჯრით სამ სეზონში ნეიმარმა სულ მცირე, ათ საგოლე პასს მოუყარა თავი.
15. არიენ რობენი
მატჩი: 703
საგოლე გადაცემა: 193
რობენს საგოლე პასების რაოდენობით ერთ კოკნკრეტულ სეზონში რეკორდი არ დაუმყარებია, თუმცა საერთო ჯამში თანაგუნდელებს თითქმის 200-ჯერ დაეხმარა. წარმოიდგინეთ ნიდერლანდელის შედეგები ტრავმების გარეშე…
14. ზლატან იბრაჰიმოვიჩი
მატჩი: 681
საგოლე გადაცემა: 196
საკულტო შვედი ფიგურის შედეგები გასაოცარია. საკლუბო კარიერაში მან 5 ისეთი სეზონი ჩაატარა, როცა ორივე კომპონენტში 10-ციფრიან მაჩვენებელს ასცდა.
13. დავიდ სილვა
მატჩი: 754
საგოლე გადაცემა: 200
პირველი ფეხბურთელი ორასიანთა კლუბიდან. გენიოსი გამთამაშებელი, რომელიც “მანჩესტერ სიტის” ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მაგიურმა ესპანელმა პრემიერლიგის ხუთ სხვადასხვა სეზონში საგოლე გადაცემების 10-ციფრიანი ბარიერი გადალახა.
12. კევინ დე ბრუინე
მატჩი: 520
საგოლე გადაცემა: 200
თუ ამ სიას 5 წლის შემდეგ განვაახლებთ, დიდი ალბათობით ეს ფეხბურთელი წამყვან სამეულში იქნება. ერთ შეხვედრაში, ბელგიელს საშუალოდ 0.38 საგოლე გადაცემის შესრულება შეუძლია, რა შედეგსაც ნეიმართან ერთად ინაწილებს.
11. ანდრეი არშავინი
მატჩი: 700
საგოლე გადაცემა: 201
რუსი ფეხბურთელის გატარებული დრო “არსენალში” მაინცდამაინც სტაბილური არ გახლდათ, თუმცა გულშემატკივარს ცხადია, მისი პოკერი “ლივერპულთან” არასოდეს დაავიწყდება. რაც შეეხება საგოლე პასების მხრივ შედეგიან სეზონს, არშავინმა მშობლიურ ჩემპიონატში, “ზენიტის” მაისურით 106 საგოლე გადაცემა მოაგროვა.
10. შტეფან ჰოფმანი
მატჩი: 629
საგოლე გადაცემა: 208
ალბათ იკითხავთ: “ვინ”? დიახ, ეს ფეხბურთელი ჩვენს ნუსხაში ჩამოთვლილი გვარებისგან ძალიან შორს დგას, თუმცა ის ვენის “რაპიდის” ლეგენდაა და სტატისტიკით არაერთ ვარსკვლავსაც უსწრებს. ავსტრიელმა ფეხბურთელმა დედაქალაქურ კლუბში 540 მატჩში, 128 გოლი გაიტანა და 208 საგოლე გადაცემა მიითვალა. ყველაზე გასაოცარი კი 2007/08 წლების სეზონში გაკეთებული 25 საგოლე პასია.
9. თომას მიულერი
მატჩი: 667
საგოლე გადაცემა: 224
გერმანიის ნაკრების შემტევმა რამდენიმე დღის წინ, ბუნდესლიგის რეკორდი გაიმეორა და ერთ სეზონში 21 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.
8. ფრანკ რიბერი
მატჩი: 649
საგოლე გადაცემა: 227
ეს კი ის ადამიანია, ვისი შედეგიც ამ სიაში მისმა წინამორბედმა გაიმეორა. ვეტერან ბავარიელს კარიერაში 5 ისეთი სეზონი ჰქონდა, როცა მინიმუმ 10 საგოლე გადაცემა მოაგროვა.
7. ჩავი ერნანდესი
მატჩი: 950
საგოლე გადაცემა: 230
ამ სიაში მყოფ არცერთ ფეხბურთელს ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის ერთ კონკრეტულ სეზონში იმაზე მეტი საგოლე გადაცემა არ გაუკეთებია, ვიდრე ეს ესპანელმა მაესტრომ შეძლო. 2008/09 წლების ტრიუმფალურ სეზონში, ჩავიმ „ბარსას“ ფეხბურთელებს 22 გოლი გაატანინა.
6. სესკ ფაბრეგასი
მატჩი: 800
საგოლე გადაცემა: 234
ამ საქმისთვის დაბადებული ადამიანი. ფაბრეგასმა, კარიერის განმავლობაში, 9 სეზონში მოახერხა საგოლე გადაცემებში ორციფრიანი მაჩვენებლის დაფიქსირება. მათ შორის, 2014/15 წლების სეზონში, „ჩელსის“ რიგებში – 19.
5. ანხელ დი მარია
მატჩი: 695
საგოლე გადაცემა: 235
„მანჩესტერ იუნაიტედში“ გატარებულ საშინელ სეზონშიც კი, არგენტინელმა ვარსკვლავმა პრემიერლიგის 27 მატჩში თანაგუნდელებს შედეგიანად 11-ჯერ უპასა.
4. მესუთ იოზილი
მატჩი: 653
საგოლე გადაცემა: 253
ვიხილავთ კი მას კიდევ ერთხელ „არსენალის“ მაისურით? ვინ იცის. ბოლო წლებში, მისი კარიერა შესაძლოა ნელ-ნელა რეგრესს განიცდის, მაგრამ სტატისტიკა გერმანელი ფეხბურთელის შესაძლებლობებზე თავად მეტყველებს. საშუალოდ ერთ მატჩში, 0.39 საგოლე გადაცემა. აუცილებლად აღსანიშნავია მისი გასაოცარი შედეგიანობა მადრიდის “რეალში” – 159 მატჩში ოზილმა 80 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.
3. ლუის სუარესი
მატჩი: 713
საგოლე გადაცემა: 256
გახსოვთ ჩვენს მიერ ნახსენები ფრაზა – „სრულფასოვანი თავდამსხმელი“? ეს ბიჭი ამ სიტყვათაშეთანხმების იდეალური ასახვაა. ცენტრალური თავდამსხმელი, რომლის აქტივშიც 250-ზე მეტი საგოლე გადაცემაა. უბრალოდ გასაოცარია.
2. კრიშტიანუ რონალდუ
მატჩი: 1008
საგოლე გადაცემა: 258
შესაძლოა ამ ადამიანს ამ სიაში საერთოდ არ ელოდით, ან მასთან შეხვედრის მოლოდინი გაცილებით ადრე გქონდათ. დიახ, რონალდუ ხომ გუნდური მოთამაშე არ არის და მხოლოდ პირად სტატისტიკაზე ფიქრობს… თავად განსაჯეთ: 5 ოქროს ბურთის მომგებმა ფეხბურთელმა კარიერაში 258 საგოლე გადაცემა გააკეთა.
1. ლიონელ მესი
მატჩი: 866
საგოლე გადაცემა: 319
საგოლე პასების მეფე! 6 ოქროს ბურთის, 700 კარიერული გოლის, 4 ჩემპიონთა ლიგის და შესანიშნავი ფეხბურთის შემდეგ, არგენტინელის თამაშის ეს კომპონენტი ერთი შეხედვით შეუმჩნეველი რჩება, მაგრამ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის აქტივში ლა ლიგის 12 სეზონში (დიახ, არ გეჩვენებათ, ნამდვილად 12 წერია) შესრულებული სულ მცირე 10 საგოლე პასია.