კახა ჩხეტიანი: “ტირანა გამოცდილი გუნდია, 7 ლეგიონერი ჰყავს, მაგრამ ჩვენ მასპინძლები ვართ და ეს უპირატესობაა” 

9 აგვისტოს, უეფას შტაბ-ბინაში გამართულ წილისყრაზე, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, “დინამო თბილისის” მეტოქე გაირკვა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ალბანურ “ტირანას“, საშინაო კედლებში, “დინამო არენაზე” შეხვდება.

მეტოქის ძალებზე, თავისი გუნდის შანსებსა და მომზადების პროცესზე Live.ge-სთან თბილისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ისაუბრა.

“სულ ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ ჩვენი მეტოქის შესახებ და ამ დროში რა ინფორმაციის მოპოვებაც შევძელით, იქიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოცდილი და კარგი გუნდია. ჩვენთვის კარგად ნაცნობ “კუკეშს” მათ 4 ქულით გაასწრეს. 

გარდა ამისა, გამორჩეულები არიან იმითაც, რომ 7 ლეგიონერი ჰყავთ, მათ შორის ინგლისელი, ბრაზილიელი და არგენტინელი.

ტირანას” არც ტრადიციები აკლია. ალბანეთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. 

ალბანურ გუნდთან თამაშის და გამარჯვების გამოცდილება მაქვს. ცხადია, როცა ერთი კონკრეტული ქვეყნის გუნდს ეთამაშები, გარკვეული სურათი გექმნება, მაგრამ რა თქმა უნდა, “კუკეში” და “ტირანა” სხვადასხვა სათამაშო სტილის გუნდები არიან. ის რაც ალბანეთის გუნდების წინააღმდეგ ვისწავლე, პირველ შეხვედრაში მოგების შემდეგაც არ უნდა გაჩერდე, რადგან მეორე მატჩში ისინი ბრძოლისუნარიანები არიან და სცენარის სათავისოდ შემოტრიალება შეუძლიათ, რაც აქამდეც გაუკეთებიათ. თუმცა, ახლა ერთი მატჩია და ამ ერთ შეხვედრას მაქსიმალურად მომზადებულები უნდა შევხვდეთ, ჩვენ არა მარტო “დინამოს” და თბილისს, არამედ მთლიანად საქართველოს წარმოვადგენთ.

ცუდია, რომ გულშემატკივარი არ გვეყოლება, რადგან იგი ფეხბურთში მთავარი ფიგურაა, ის ფეხბურთელისთვის დამატებითი მოტივაცია და ემოციის წყაროა. თუმცა, კარგია, რომ საშინაო კედლებში ვთამაშობთ, რადგან მგზავრობა და ახალ გარემოსთან ადაპტაცია არ დაგვჭირდება. 

ჯერ, წინ, 12 აგვისტოს, “თელავთან”, ეროვნულ ლიგაში ჩასატარებელი შეხვედრა გვაქვს, შემდეგ კი სრულფასოვნად გადავეწყობითტირანასთან” მატჩისთვის, მეტოქეს კარგად შევისწავლით და მოედანზე იმ პასუხისმგებლობით გავალთ, რომელიც ქართველი გულშემატკივრის წინაშე გვაკისრია”, – .თქვა ჩხეტიანმა.

კახა ჩხეტიანი: “ტირანა გამოცდილი გუნდია, 7 ლეგიონერი ჰყავს, მაგრამ ჩვენ მასპინძლები ვართ და ეს უპირატესობაა” 

სტატიის ავტორი
-