კანავარო: ,,დონარუმა უახლოესი 10-15 წლის საუკეთესო მეკარე იქნება, მაგრამ ოქროს ბურთს მესის მივცემდი”

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ფაბიო კანავარომ, ევროპის ჩემპიონატზე ,,სკუადრა აძურას” ტრიუმფის შემდეგ, ჯანლუიჯი დონარუმასა და ჯორჯო კიელინიზე ისაუბრა:

– ძალიან ბედნიერი ვიყავი. გამიხარდა, რომ ჩემ შემდეგ თასი სწორედ კიელინიმ აღმართა, რადგან ჯორჯო 2006 წლის ფინალს ტრიბუნებიდან უყურებდა. მას ძალიან დიდ პატივს ვცემ.

– მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, თქვენ ,,ოქროს ბურთი” მოიგეთ. შესაძლებელია, ასეთი სცენარი კიელინის შემთხვევაშიც გამეორდეს?

– ჯორჯომ ევროპის ჩემპიონატზე მშვენივრად ითამაშა, მაგრამ ტურნირის მთავარი ჩემპიონი ჯანლუიჯი დონარუმა იყო. გასაკვირია, რომ ევრო 2020-ის წინ მას ჩვეულებრივ მეკარედ მიიჩნევდნენ. მასში ჩვეულებრივი კი არაფერია – წარმოუდგენელი სიმშვიდით დაწყებული და ასაკით დამთავრებული, ის ხომ მხოლოდ 22 წლისაა…

– დონარუმა პსჟ-ში უფასოდ გადავიდა. ეს იტალიური ტოპ გუნდების დაუდევრობაა?

– რა თქმა უნდა, რადგან უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში ის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე იქნება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ საშუალება გვექნება, რომ მისი თამაშით ეროვნულ ნაკრებში დავტკბეთ.

– მისცემდით წელს დონარუმას ,,ოქროს ბურთს”?

– არა, ოქროს ბურთს მესის გადავცემდი. ლეო აბსოლუტურად პირველია, შესანიშნავი კოპა ამერიკის მთავარი მოქმედი პირი.


ევროპის ჩემპიონატის ფინალში იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა ინგლისი თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა და ტურნირი ისტორიაში მეორედ მოიგო. ევრო 2020-ის საუკეთესო ფეხბურთელად ჯანლუიჯი დონარუმა დასახელდა.

კანავარო: ,,დონარუმა უახლოესი 10-15 წლის საუკეთესო მეკარე იქნება, მაგრამ ოქროს ბურთს მესის მივცემდი”

სტატიის ავტორი
-