ბენფიკამ მაკაბი ჰაიფას 6:1 მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ,,ბენფიკამ” ,,მაკაბი ჰაიფას” სტუმრად 6:1 მოუგო და H ჯგუფში ასპარეზობა 14 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა.

ბოლო ტურის წინ, ლისაბონურ გუნდსა და ,,პარი სენ ჟერმენს” 11-11 ქულა ჰქონდათ (ორი ფრე ურთიერთშეხვედრებში) და ,,პსჟ” პირველ პოზიციას ბურთების უკეთესი შეფარდების გამო (+8 – პსჟ-ს, +4 – ბენფიკას) იკავებდა.

დღეს პარიზელებმა ტურინის ,,იუვენტუსს” სტუმრად 2:1 მოუგეს და გატანილ და გაშვებულ გოლებში სხვაობა 9 ბურთამდე გაზარდეს, შესაბამისად, ,,ბენფიკას” გადასწრებისთვის მინიმუმ 5 გოლით მოგება სჭირდებოდა. როჯერ შმიდტის გუნდმა მე-6 გოლი 92-ე წუთზე გაიტანა, რითაც ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა.

ურთიერთშეხვედრებში, გატანილ და გაშვებულ გოლებში ორივე გუნდს აბსოლუტური თანაფარდობა აქვს, რის გამოც გადამწყვეტი სტუმრად გატანილი გოლების რაოდენობა აღმოჩნდა – ,,ბენფიკამ” მეტოქის მოედანზე 9 გოლი გაიტანა, ,,პარი სენ ჟერმენმა” კი – 6.

H ჯგუფში მესამე ადგილი ,,იუვენტუსმა” დაიკავა, რომელიც ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებს, მეოთხე ადგილზე კი ,,მაკაბი ჰაიფა” გავიდა.


ბენფიკამ მაკაბი ჰაიფას 6:1 მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა

სტატიის ავტორი
-