დღეს პოლ გასკოინის დაბადების დღეა – გავიხსენოთ ლეგენდარული ინგლისელის ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები

დღეს ლეგენდარულ ინგლისელ ფეხბურთელს, პოლ გასკოინს, 52 წელი შეუსრულდა. “გაზას” სახელით ცნობილი გასკოინი თავისი თაობის ყველაზე გამორჩეული და საოცარი ნიჭით დაჯილდოებული ფეხბურთელი იყო, რომელმაც გულშემატკივარს თავი საოცარი გოლებითა და თავისი ემოციური, ორიგინალური ქმედებებით დაამახსოვრა.

გასკოინი იყო საოცარი შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული, ტექნიკური გამთამაშებელი, რომელსაც გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება ერთნაირად კარგად გამოსდიოდა. მას ჰქონდა შესანიშნავი დრიბლინგი და პარალელურად, ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო, რაც მას ძლიერ ოპონენტებთან ჭიდილისას, ბურთის შენარჩუნებაში ეხმარებოდა. ნაკრებში გაზამ 57-ჯერ ითამაშა და 10 გოლის გატანა შეძლო. საკლუბო დონეზე კი, მან “ნიუკასლში,” “ტოტენჰემში,” “ლაციოში,” “რეინჯერსსა” და სხვა კლუბებში ითამაშა.

გასკოინის ცრემლები

ფეხბურთის გულშემატკივარს კარგად ახსოვს 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც შუა მატჩის დროს გასკოინს ცრემლები მოსდიოდა – დასავლეთ გერმანიასთან მატჩის დროს, გასკოინმა ყვითელი ბარათი მიიღო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ თუკი ინგლისი გერმანიას დაამარცხებდა, გასკოინი ფინალში ვერ ითამაშებდა. “როდესაც ყველაფერი კარგად მიდის და ჩემი თვალით ვხედავ ამის დასასრულს, მე ძალიან ძლიერი შიში მიპყრობს. იმ ღამით ტირილის გარდა არაფერი შემეძლო,” აღნიშნა გასკოინმა. აღსანიშნავია, რომ ინგლისმა დასავლეთ გერმანიის დამარცხება ვერ შეძლო და ტურნირზე მე-4 ადგილს დასჯერდა.

ცნობილი ფეხბურთელები გაზას შესახებ

  • გარი ლინიკერი: გასკოინი იყო ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი, ვისთანაც მითამაშია. ის იყო საოცრად თავდაჯერებული ადამიანი, რომელსაც ფეხბურთი უზომოდ უყვარდა;
  • სტივენ ჯერარდი: გასკოინი ჩემი კუმირი იყო;
  • გარეთ საუთგეიტი: არსებობენ კარგი და უმაღლესი დონის ფეხბურთელები. პოლ გასკოინი, პოლ სქოულზი, უეინ რუნი იყვნენ ფეხბურთელები, რომლებიც სხვებს გაცილებით აღემატებოდნენ.

გასკოინის შესანიშნავი გოლი არსენალის კარში

1991 წლის 14 აპრილს, გასკოინმა “ტოტენჰემის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა – მან 32 მეტრიდან პრინციპული მეტოქის, ლონდონის “არსენალის” კარი საჯარიმო დარტყმით აიღო.

ცხოვრება ფეხბურთის შემდეგ და გაზას ფსიქოლოგიური პრობლემები

საფეხბურთო კარიერის შემდეგ, გასკოინი ძალიან რთული ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე დადგა – იგი ალკოჰოლიზმით იყო დაავადებული, ხშირად ჩხუბობდა, რის გამოც ციხეში არაერთხელ მოხვდა. გასკოინის ავტობიოგრაფიულ წიგნში, “გაზად ყოფნა: ჩემს დემონებთან ბრძოლა,” ვკითხულობთ რომ გასკოინს ისეთ დაავადებებთან და ფსიქიკურ აშლილობასთან უწევდა ბრძოლა, როგორებიცაა ბულიმია (დიდი რაოდენობის საკვების მიღება), ობსესიური კომპულსიური აშლილობა (გარკვეული იდეების აკვიატება), ბიპოლარული აშლილობა (მენტალური აშლილობა, სადაც კარგ განწყობას დეპრესია ცვლის) და ალკოჰოლიზმი. სწორედ ამ პერიოდში, გასკოინის ყოველი დღის განუყრელი ნაწილი ალკოჰოლი, კოკაინი, სწრაფი კვება და აზარტული თამაშები გახდა – გაზა ძალიან ბევრ ფულს აგებდა.

დღეს პოლ გასკოინის დაბადების დღეა - გავიხსენოთ ლეგენდარული ინგლისელის ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები 3

მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესი

გასკოინმა პირველად მკურნალობა 1998 წლის ოქტომბერში დაიწყო – წინა ღამით მას 32 “შოტი” ვისკი ჰქონდა დალეული, რაც უხეში გაანგარიშებით, დაახლოებთ 1.4 ლიტრს უდრის. იგი საავადმყოფოში მისმა მწვრთნელმა, ბრაიან რობსონმა, უგონო მდგომარეობაში მიიყვანა. მკურნალობის 28-დღიანი კურსის ნაცვლად, გასკოინმა შენობა 14 დღეში დატოვა და დროთა განმავლობაში, იგი კვლავ ალკოჰოლს დაუბრუნდა.

ლეგენდარულმა გაზამ კარიერა 2004 წელს დაასრულა – ამ დროისთვის მას ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი უკვე დადგენილი ჰქონდა. 2008 წელს მან ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიღების შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა, თუმცა მისი გადარჩენა მოხერხდა. წლების განმავლობაში, მას პრობლემები თან სდევდა (ბარში ჩხუბი, ნარკოტიკების ზედოზირება, გაუპატიურების მცდელობა და სხვ.), თუმცა მთავარი ერთია – ფეხბურთი ძალიან ბევრს დაკარგავდა, 15 წლის ასაკში, მშობლებისა და ორი დის ფინანსურად დახმარების მიზნით, გაზას პროფესიონალური ფეხბურთის თამაში რომ არ დაეწყო.

უბრალოდ, დატკბით და ისიამოვნეთ გაზას ფეხბურთით

დღეს პოლ გასკოინის დაბადების დღეა – გავიხსენოთ ლეგენდარული ინგლისელის ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები

სტატიის ავტორი
-