“ეს უსამართლობაა, ჩვენ გაგვქურდეს” – ჟოზე მოურინიო

UEFA-ს ევროპა ლიგის ფინალურ შეხვედრაში, “სევილიასა” და “რომას” დაპირისპირება შედგა. ბუდაპეშტში გამართული ფინალური მატჩის ძირითადი დრო და დამატებითი ტაიმები ფრედ 1:1 დასრულდა.

გამარჯვებულის გამოსავლენად თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა, სადაც იასინ ბონოს ბენეფისი შედგა – “სევილიას” კიპერმა ბრწყინვალე სეივები განახორციელა და ანდალუსიურ კლუბს ევროპა ლიგის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ჟოზე მოურინიომ იმედგაცრუება და მთავარი არბიტრისადმი ბრაზი ვერ დამალა.

“ვთქვი, რომ მოედანს ან გამარჯვებულები დავტოვებდით, ან მკვდრები. ჩვენ მკვდრები ვართ. დაღლილობისგან და ყველაფრისგან მკვდრები. ეს არის უსამართლო შედეგი – ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ იყო. შეხვედრის მთავარი არტბირტი ესპანელი გეგონებოდათ. ტეილორი გამუდმებით ყვითელ ბარათებს იძლეოდა, მაგრამ განსაკუთრებული უხეშობის მიუხედავად, ლამელას მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენა და არ გააძევა”, – ჟოზე მოურინიო.

https://twitter.com/Football__Tweet/status/1664152415644336128

მოურინიომ საკუთარ მომავალთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ “რომაში” დარჩენა სურს, მაგრამ ამ ყველაფრით ძალიან დაიღალა.

“მინდა “რომაში” დარჩენა, მაგრამ ჩემი ფეხბურთელები მეტს იმსახურებენ – მეც უფრო მეტს ვიმსახურებ. მინდა ვიბრძოლო მეტისთვის, მაგრამ დავიღალე მწვრთნელის და სპიკერის იმ პოზიციაში ყოფნით, რომელიც მუდამ აპელირებს რომ გაქურდეს. დავიღალე იმით, რომ ვიყო სახე, რომელმაც უნდა თქვას: “ჩვენ გაგვქურდეს”.

https://twitter.com/Football__Tweet/status/1664157656049758208

შეგახსენებთ, ევროპა ლიგის ფინალში “რომას” დამარცხების შემდეგ, “სევილია” რანგით მეორე ევროპული საკლუბო ტურნირის გამარჯვებული მეშვიდედ გახდა.

“ეს უსამართლობაა, ჩვენ გაგვქურდეს” – ჟოზე მოურინიო

სტატიის ავტორი
-