უეფამ ,,იუვენტუსი”, შესაძლოა, ევროტურნირებიდან მოკვეთოს. ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შესაძლო დისკვალიფიკაცია გუნდის ფინანსურ დარღვევებთანაა დაკავშირებული, რაც ხელფასების გაყალბებას გულისხმობს. თუ ფაქტი დადასტურდება, ,,ბებერ ქალბატონებს” ორგანიზაციისგან სასჯელი ემუქრებათ.
ფინანსური ფეარ-პლეის დარღვევის გამო, ,,იუვენტუსი” 2021 წელს 3,5 მილიონი ევროთი დაჯარიმდა. თუ მომდევნო სამი წლის განმავლობაში ტურინული გრანდის ახალი დანაშაული დამტკიცდება, ჯარიმა 23 მილიონამდე გაიზრდება.
იმ შემთხვევაში თუ ,,იუვე” წელს სერია A-ს ტოპ-შვიდეულში ვერ მოხვდება, სანქცია მაშინ ამოქმედდება, როცა კლუბი ევროთასებზე დაბრუნდება.
პარასკევს იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში ,,იუვენტუსს” ფინანსური მაქინაციის გამო, 15 ქულა ჩამოაჭრეს. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ პროკურორის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ქულების დაკლების გამო, ტურინული გუნდი 22 ქულით სერია A-ს მე-10 პოზიციაზე დაქვეითდა. ,,ბებერ ქალბატონებს” აღნიშნული გადაწყვეტილების გაპროტესტების უფლება აქვთ.