კლოპის მორიგი ღირსეული საქციელი

მერსისაიდული გრანდის მთავარი მწვრთნელი – იურგენ კლოპი აღნიშნავს, რომ პრემიერ ლიგის ჩემპიონის მედალს მისი გუნდის თითოეული წევრი მიიღებს.

30-წლიანი პაუზის შემდეგ მოპოვებული ნანატრი ტიტულის პარალელურად, “ლივერპულს” 40 საჩემპიონო მედალი გადაეცემა. წესდების თანახმად, ყველა ფეხბურთელი, რომელმაც სეზონში მინიმუმ 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა პრიორიტეტით ისარგებლებს და მედალს გარანტირებულად მიიღებს – დარჩენილი მედლების რაოდენობა კი გუნდის შტაბის წევრებსა და მომსახურე პერსონალზე გადანაწილდება.

ამ წუთისათვის, “ლივერპულის” 21 ფეხბურთელს მედალი გარანტირებული აქვს. გუნდში დაწინაურებული 3 ახალგაზრდა – ჰარვი ელიოტი, ნეკო უილიამსი და კურტის ჯონსი მედლებს ასევე მიიღებენ. დარჩენილი 14 მედალი შტაბის წევრებზე გადანაწილდება.

აღნიშნული წესდების წინააღმდეგ იურგენ კლოპი გამოდის და აღნიშნავს, რომ საჩემპიონო ტრიუმფში ყველამ შეიტანა წვლილი – განურჩევლად იმისა, თუ რამდენ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მედალს ყველა ფეხბურთელი იმსახურებს. გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ საკუთარი მედლის დათმობაც რომ მოუწიოს – “ლივერპულის” ყველა ფეხბურთელს გადასცემს მედალს.

“თუ ადამიანებს არ ესმით, ჩემპიონობის მოსაპოვებლად რა მნიშვნელოვანია შემადგენლობა მათ დახმარებას ვერ შევძლებ. 0 თამაშიც რომ გქონდეს ჩატარებული მედალი გეკუთვნის. გუნდის წევრი თუ ხარ და შემადგენლობაში ირიცხები – მედალი გეკუთვნის.

ეს ბიჭები მედლებს მიიღებენ. 100%-ით დარწმუნებით გეუბნებით, საკუთარი მედლის დათმობაც რომ მომიწიოს – ფეხბურთელები მედლებს მიიღებენ. მათ მედალი დაიმსახურეს და ისინი მედალს მიიღებენ”, – აღნიშნა იურგენ კლოპმა.

კლოპის მორიგი ღირსეული საქციელი

სტატიის ავტორი
-