მანჩესტერმა რომერო განაცხადში არ შეიყვანა და არც შეატყობინა – არგენტინელმა ეს ამბავი სოციალური ქსელიდან გაიგო 

“მანჩესტერ იუნაიტედმა” 2020/21 წლების სეზონის პრემიერლიგის და ჩემპიონთა ლიგის განაცხადი შეადგინა, რომელშიც სერხიო რომეროს ადგილი არ მოიძებნა.

ყველაზე საინტერესო ამ ამბავში ის გახლავთ, რომ არგენტინელმა მეკარემ ამის შესახებ სოციალური ქსელიდან გაიგო. “წითელი ეშმაკების” ხელმძღვანელებმა საჭიროდ არ ჩათვალეს გოლკიპერისთვის ეცნობებინათ, რომ მას მთელი სეზონის განმავლობაში, მთავარ ტურნირებზე თამაში არ მოუწევდა.

რომერო პრემიერლიგურ კლუბს 2015 წელს, იტალიური “სამპდორიადან“შეუერთდა. მაშინ, როცა დავიდ დე ხეას მომავალი გაურკვეველი იყო, თუმცა ესპანელი მადრიდის “რეალში” აღარ გადაბარგდა და ინგლისში დარჩა, რომერო კი სათადარიგო კიპერი გახდა და მონაწილეობას მხოლოდ სათასო დაპირისპირებებში იღებდა.

33 წლის მეკარეს საერთო ჯამში, “იუნაიტედის” 61 შეხვედრაში მოუწია კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვა და აქედან 39-ჯერ მისია სუფთად შეასრულა. 2014 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა, ინგლისურ კლუბში, ლიგის, ასოციაციის, ქვეყნის სუპერთასი და ევროპის ლიგა მოიგო, წარსულში ის “ალკმაართან” ერთად ნიდერლანდების ჩემპიონი, არგენტინის ნაკრებში კი ოლიმპიური და მსოფლიოს 20-წლამდელთა მუნდიალის ჩემპიონი გახდა.

მანჩესტერმა რომერო განაცხადში არ შეიყვანა და არც შეატყობინა – არგენტინელმა ეს ამბავი სოციალური ქსელიდან გაიგო 

სტატიის ავტორი
-